ენგურჰესის ტერიტორიაზე ზიპლაინის გახსნამ ვიზიტორთა რაოდენობა გაზარდა

© photo: Sputnikენგურჰესი
ენგურჰესი - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2026
გამოწერა
ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე ზიპლაინის სამშენებლო სამუშაოები 2025 წელს დაიწყო და 2026 წლის ივნისში დასრულდა.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე ზიპლაინის გახსნის შემდეგ ვიზიტორთა რაოდენობა 15%-ით გაიზარდა, განაცხადა კომპანია „ენგური ატრაქციის“ დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გადაცემა „ბიზნეს-პარტნიორის“ ეთერში.
ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე ზიპლაინის სამშენებლო სამუშაოები 2025 წელს დაიწყო და 2026 წლის ივნისში დასრულდა. 2022 წლიდან ენგურჰესის კაშხალს 260 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია – კაშხალი, რომელიც წლების განმავლობაში მხოლოდ ენერგეტიკის სიმბოლოდ ითვლებოდა, ახლა პოპულარულ ტურისტულ ადგილად იქცა.
„ზიპლაინი 15 ივლისს გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ძალიან სწრაფად გავრცელდა, რამაც, რა თქმა უნდა, ინტერესი გამოიწვია. ყველაფერი წარმატებით აეწყო და დღეს ზიპლაინი საკმაოდ მაღალი დატვირთვით მუშაობს. გახსნის მომენტიდან მისით 500-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა“, – განაცხადა ანთიძემ.
ანთიძის თქმით, ვიზიტორებს შორის არიან როგორც ადგილობრივი, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
„რაც შეეხება სხვა ატრაქციონებს – გალერეას, დემო-სივრცეს და ა.შ. – ზიპლაინზე მოსული ვიზიტორი ამ სივრცეებსაც სტუმრობს. ზიპლაინის პროექტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის წარმატებული და ეფექტიანი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც სხვა სფეროებშიც უნდა იქნას გამოყენებული“, – განაცხადა ანთიძემ.
როგორც მან აღნიშნა, ადმინისტრაცია მომდევნო თვეებში ვიზიტორთა კიდევ უფრო დიდ რაოდენობას ელოდება.
ენგურის კაშხალზე ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 საათს შეადგენს, ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ კაშხლის ხიდი, გვირაბი და სხვა საინტერესო ადგილები.
თაღოვან კაშხალზე ტურისტული მარშრუტის დაგეგმვა-განხორციელებას კურირებს „ენგური ატრაქცია", რომელიც 2023 წელს „ენგურჰესის" შვილობილი კომპანია გახდა.
ენგურჰესი უნიკალური ტექნიკური და საინჟინრო კომპლექსია - ენგურჰესის კაშხალს 2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ინდუსტრიული მემკვიდრეობის განვითარებას ისახავს მიზნად.
კაშხლის სიმაღლე 271,5 მეტრია, სიგრძე – 728 მეტრი. ენგურის კაშხალი მსოფლიოს თაღოვანი კაშხლების ხუთეულში შედის.
ენგურჰესზე სამშენებლო სამუშაოები 1961 წელს დაიწყო, 1978 წელს პირველი აგრეგატი ამუშავდა. მთლიანად ჰესის მშენებლობა 1987 წელს დასრულდა - ამ დროისათვის ჰესის დადგმული სიმძლავრე 1.300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს.
ენგურჰესის კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარეზეა.
ყველა ახალი ამბავი
0