როდის გაიხსნება საქართველოში ყველაზე გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia
გამოწერა
მსგავსი მასშტაბის საავიაციო ინფრასტრუქტურული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხორციელდება – მისი ჯამური ღირებულება 240 მლნ ლარს შეადგენს.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი 2026 წლის შემოდგომაზე გაიხსნება და ქვეყანაში ყველაზე გრძელი ბილიკი გახდება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3,6 კილომეტრი სიგრძის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკისა და აეროდრომის ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო. პროექტი ხელს შეუწყობს აეროპორტთან ლოჯისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარებას, ხოლო მომავალში – მსხვილგაბარიტიანი თვითმფრინავების მიღებას, რაც აეროპორტს შორ მანძილებზე ახალი რეისების დამატების შესაძლებლობას მისცემს.
„ეს იქნება ყველაზე გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი ჩვენს ქვეყანაში...რამდენადაც მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულ თანხვედრაშია გეგმა-გრაფიკთან, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე წლის შემოდგომას უკვე შევძლებთ, გავხსნათ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი და სამიმოსვლო ბილიკები და სრულ ექსპლუატაციაში მივიღოთ“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრი, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილსა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და უკვე განხორციელებული პროექტები დაათვალიერა.
კერძოდ, მინისტრები გაეცნენ ახალი 3,6-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმდინარეობას, რომელიც დასკვნით ეტაპზეა.

მარიამ ქვრივიშვილი ქუთაისის აეროპორტში
© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეს იქნება ისტორიული პროექტი საქართველოს ავიაციისა და, ზოგადად, სატრანსპორტო სექტორისთვის.
„გვექნება შესაძლებლობა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყველა ზომის სატვირთო თუ სამგზავრო ხომალდს ვუმასპინძლოთ. ეს საგრძნობლად გაზრდის აეროპორტის გამტარუნარიანობას, შევძლებთ, რომ მივიღოთ მეტი რეისი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს, მათ შორის, სატვირთო გადაზიდვების განვითარებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, მომდევნო 3 თვის განმავლობაში სრულად დასრულდება მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, რომელიც წინ უძღვის სრულ ექსპლუატაციაში მიღებას. ამჟამად ფაქტობრივად, დასრულების ეტაპზეა შუქტექნიკისა და სხვა სანავიგაციო სისტემების მოწყობა.
ახალი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, აეროპორტი შეძლებს მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის თვითმფრინავების მიღებასა და მომსახურებას. ეს მნიშვნელოვნად გააფართოებს აეროპორტის შესაძლებლობებს და გაამყარებს საქართველოს, როგორც რეგიონული საავიაციო და ლოჯისტიკური ცენტრის პოზიციას..

მარიამ ქვრივიშვილი
© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia
ამის შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გახდება ერთადერთი აეროპორტი საქართველოში, რომელიც შეძლებს დიდი ზომის თვითმფრინავების შეზღუდვების გარეშე მიღებას.
დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ოპერირებს „D“ კოდით, მისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 2,5 კილომეტრია, რაც საშუალო ტევადობისა და გამტარუნარიანობის მქონე საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციას უზრუნველყოფს.