„ევროპელებისთვის შეიძლება, ხოლო ქართველებისთვის — არა?“: თბილისში აშშ-ის საელჩოს უპასუხეს

თენგიზ შარმანაშვილი
თენგიზ შარმანაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2026
გამოწერა
დეპუტატის თქმით, გამოხატვის თავისუფლებას, შეურაცხყოფასა და სიძულვილის ენას შორის ზღვარი სასამართლო პრაქტიკით დგინდება.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ქართული კანონმდებლობა, ისევე როგორც მრავალი ევროპული ქვეყნის კანონმდებლობა, კრძალავს ადამიანების საჯარო შეურაცხყოფას, საქართველოში და ევროპაში მსგავსი შემთხვევებისადმი შერჩევითი მიდგომა კი დისკრიმინაცია იქნებოდა, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა.
მანამდე საქართველოში აშშ-ის საელჩომ შეშფოთება გამოხატა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველოს შექმნის გამო. დიპლომატიურ მისიაში განაცხადეს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და აშშ სიტყვის თავისუფლებას ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად მიიჩნევენ და ცენზურის წინააღმდეგ გამოდიან. საელჩომ კომენტარი გააკეთა იმ კითხვის პასუხად, რომელიც ეხებოდა სოციალურ ქსელებში პოლიტიკოსების შეურაცხყოფისთვის მოქალაქეების დაკავებასა და ახალი სამმართველოს შექმნას.
„აშშ-ის საელჩოს შესაბამის პასუხს, ალბათ, საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს, რადგან ჩვენი კანონმდებლობა ადამიანების საჯარო შეურაცხყოფას კრძალავს. ეს აბსოლუტურად ნორმალურია და მსგავსი კანონმდებლობა მხოლოდ საქართველოში კი არა, ევროპის უმეტეს ქვეყანაში მოქმედებს. კითხვა თუ აქვთ, დარწმუნებული ვარ, საგარეო უწყება უპასუხებს", - განაცხადა შარმანაშვილმა.
დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ თუ აშშ-ის საელჩოს ახალ სამმართველოსთან დაკავშირებით კითხვები აქვს, აუცილებელია კონკრეტულად ახსნას მისი შეშფოთების მიზეზები.
„აშშ-ის საელჩომ კონკრეტულად უნდა თქვას, რატომ არის შეშფოთებული. განმარტება იმისა, რომ ევროპელებს შეუძლიათ ამის გაკეთება, ხოლო საქართველოს – არა, მიუღებელი და არასწორია. თუ განმარტავენ, რომ ბრიტანული თუ გერმანული სასამართლოების პრაქტიკა არასწორია, მაშინ ჩვენც გადავხედოთ ჩვენს მიდგომებს, მაგრამ თუ იტყვიან, რომ მათ შეუძლიათ და ქართველებს – არა, ეს დისკრიმინაცია, სეგრეგაცია და არასწორი მიდგომაა“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლებას, შეურაცხყოფასა და სიძულვილის ენას შორის ზღვარი სასამართლო პრაქტიკით დგინდება.
„ასე რომ, როგორც ევროპულ, ისე ეროვნულ დონეზე, ამ ზღვარის დადგენა მხოლოდ სასამართლოს შეუძლია“, – განაცხადა თშარმანაშვილმა.
გასულ კვირაში თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური ტელეარხ „ფორმულას“ ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ დაწერილი პოსტის გამო 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
სანაიას პოსტთან დაკავშირებით სამართლებრივი რეაგირებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს შს სამინისტროში შექმნილმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.
შსს-ის ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირებაა, ფუნქციონირება 1-ელ ივნისს დაიწყო.
1-ელი ივლისის მონაცემებით, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ შექმნიდან ერთი თვის განმავლობაში 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინა.
ყველა ახალი ამბავი
0