ქსელის სრული განახლება: რა სამუშაოებს ატარებს GWP რუსთაველის გამზირზე?

© press-service of Georgian Water and PowerСотрудник компании Georgian Water and Power (GWP)
Сотрудник компании Georgian Water and Power (GWP) - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2026
გამოწერა
პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება 5 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაციის) მიწისქვეშა ქსელი.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში მასშტაბური სამუშოები დაიწყო, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
GWP აღნიშნულ პროექტში 12,5 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს, რაც დედაქალაქის ცენტრალური გამზირის საიმედო წყალმომარაგებასა და მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
სამუშაოები სრულდება კომპანიის მფლობელი ესპანური „Aqualia“-ს მაღალი სტანდარტების შესაბამისად, რაც ქსელის ხანგრძლივ მდგრადობას უზრუნველყოფს.
პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება 5 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაციის) მიწისქვეშა ქსელი. განახლებულ ქსელზე მოეწყობა 87 საკვანძო ჭა და 15 თანამედროვე სახანძრო ჰიდრანტი.
„რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ერთ-ერთი მასშტაბური საინვესტიციო პროექტია, აღსანიშნავია რომ სამუშაოები ოთხ ძირითად ეტაპად, პარალელურ რეჟიმში ხორციელდება. პროცესის მიმდინარეობისას არსებული ქსელი ექსპლუატაციაში რჩება, რაც უზრუნველყოფს წყალმომარაგების უწყვეტობას. ახალი სისტემის სრულად მოწყობის შემდეგ კი ექსპლუატაციაში შევა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა”, - განაცხადა კომპანიის ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორმა გიგა ნადირაძემ.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო. ვადების სიმცირის გამო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში, ერთდროულად რამდენიმე მონაკვეთზე მიმდინარეობს. სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს, ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.
სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ ტერიტორიას - 2 კილომეტრამდე გზის სავალ ნაწილს.
პროექტის პირველ ეტაპზე განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, შეიცვლება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალური სისტემები, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნებიც.
ამასთან, მოეწყობა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარი, დაიგება ასფალტის საფარი, სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება ახალი განათების ბოძები თავისი ლედ-სისტემებით.
პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი გამწვანების კომპონენტსაც მოიცავს. განახლდება არსებული მწვანე სივრცეები, დაირგვება ახალი ხე-მცენარეები.
ასევე მოეწყობა მიწის ზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები, დაიხაზება ჰორიზონტალური მონიშვნები და გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
რუსთაველის გამზირი თბილისის სიმბოლო და ტურისტებისთვის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. რუსთაველის გამზირზე მდებარეობს საქართველოს პარლამენტის შენობა, წამყვანი თეატრებისა და მუზეუმების შენობები, მათ შორის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
ყველა ახალი ამბავი
0