„საქართველოს რკინიგზამ" რეკორდული მოცულობის ტვირთების გადაზიდვის თაობაზე განაცხადა

© photo: courtesy of Georgian Railwayმატარებელი
მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2026
გამოწერა
ნახევარ წელში „საქართველოს რკინიგზის" წმინდა მოგება 74%-ით, ხოლო EBITDA-ს მაჩვენებელი 84%-ით გაიზარდა
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზამ“ 2026 წლის პირველ ნახევარში 6,9 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კომპანიის ცნობით, 2026 წლის იანვარ-ივნისში გადაზიდვების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით გაიზარდა. კომპანიას მსგავსი მაჩვენებლისთვის ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არ მიუღწევია.
გარდა ამისა, ამ პერიოდში „საქართველოს რკინიგზამ" დაიწყო ახალი სახეობის ტვირთების გადაზიდვა, რომლებიც წინა წლის პირველ ნახევარში საერთოდ არ ტრანსპორტირდებოდა ან უმნიშვნელო მოცულობით გადაიზიდებოდა.
ტვირთბრუნვის ზრდის გარდა, „საქართველოს რკინიგზამ" ასევე დააფიქსირა შემოსავლების, საოპერაციო მოგებისა და კორექტირებული EBITDA-ს (მოგება პროცენტის, გადასახადის, ცვეთისა და ამორტიზაციის დარიცხვამდე) მნიშვნელოვანი ზრდა.
იანვარ-ივნისში კომპანიის მთლიანმა შემოსავალმა 352 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 19%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით
ოპერაციული საქმიანობიდან მიღებული კორექტირებული EBITDA-ს მაჩვენებელი 27%-ით გაიზარდა და 92,2 მილიონი ლარი შეადგინა - 2025 წლის პირველ ნახევარში მაჩვენებელი 72,4 მილიონი ლარი იყო.
საერთო ჯამში, EBITDA 84%-ით გაიზარდა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (74,3 მილიონ ლარი) 137 მილიონ ლარს მიაღწია. კორექტირებული EBITDA მარჟა 25%-დან 45%-მდე გაიზარდა.
2026 წლის პირველი ნახევრის წმინდა მოგებამ 112,3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 74%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე - 2025 წელს 64,7 მლნ ლარი იყო.
სახელმწიფო კომპანია სს „საქართველოს რკინიგზა“ ამჟამად არის როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელი. მას გადააქვს სხვადასხვა სახის ტვირთი, ძირითადად, კასპიის ზღვიდან და შუა აზიიდან შავ ზღვამდე. საქართველოს რკინიგზა უზრუნველყოფს ასევე შიდა და საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებს.
ყველა ახალი ამბავი
0