ძიუდო: ლაშა გუჯეჯიანმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

© Lasha Gujejianiლაშა გუჯეჯიანი
ლაშა გუჯეჯიანი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2026
გამოწერა
ლაშა გუჯეჯიანმა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 2020 წლის დეკემბერში ჩაიბარა.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ძიუდოში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა თანამდებობა დატოვა, ამის შესახებ გუჯეჯიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიცია. ეს ნაბიჯი მარტივი არ ყოფილა, თუმცა ვიგრძენი, რომ იმ საქმისადმი, რომელსაც წლების განმავლობაში სრული პასუხისმგებლობითა და ერთგულებით ვემსახურებოდი, საჭირო მოტივაცია აღარ მაქვს", - დაწერა გუჯეჯიანმა.
გუჯეჯიანმა მადლობა გადაუხადა თითოეულ ძიუდოისტს მათი შრომისა და თავდადებისთვის, ასევე გულშემატკივრებს, რომლებიც, მისი თქმით, ყოველთვის მხარს უჭერდნენ სპორტსმენებს.
„სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე მომავალში, ყოველთვის დავრჩები საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ გულშემატკივრად!", - განაცხადა გუჯეჯიანმა.
ლაშა გუჯეჯიანმა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 2020 წლის დეკემბერში ჩაიბარა. იგი მანამდე ახალგაზრდული პროექტ „გამოწვევა 2020"-ის მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.
გუჯეჯიანი ძიუდოისტთა ნაკრებს ტოკიოსა და პარიზის ოლიმპიადებზე უძღვებოდა. 2021 წელს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროსა და სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა, რითაც არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავა.
პარიზში, 2024 წელს ქართველმა ძიუდოისტებმა ერთ ოქროსა და ორ ვერცხლს მოუყარეს თავი და ასევე მეოთხე ადგილი დაიკავეს. ორივე შემთხვევაში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა.
გუჯეჯიანის ხელმძღვანელობით მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე და გიორგი სარდალაშვილი.
ყველა ახალი ამბავი
0