პაპუაშვილი: საქართველო ხორბლის კულტივაციის კერაა

© Ministry of Environmental Protection and Agricultureხორბლის მოსავლის აღება
ხორბლის მოსავლის აღება - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2026
გამოწერა
ხორბლის 5 ენდემური და 24 კულტურული ჯიშიდან 17 საქართველოშია.
თბილისი, 26 ივლისი - Sputnik. კახეთში, ქართული ხორბლისა და პურის კულტურის ტრადიციებისადმი მიძღვნილ ფესტივალში – „ალოობა 2026“ გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნენ. მათი განცხადებით, მიზანია, რომ ალოობა საქართველოში რთველის მსგავსად დამკვიდრდეს, რადგანაც ქვეყანა არა მხოლოდ ღვინის, არამედ ხორბლის (5 ენდემური და 24 კულტურული ჯიში) უძველესი სამშობლოა.
„ალოობა" პირველად შარშან აღინიშნა. წელს უკვე ახალი მასშტაბით აღინიშნება ეს ზეიმი, რომელიც ნამდვილად უნდა დამკვიდრდეს საქართველოში რთველთან ერთად, ვინაიდან საქართველო ყურძნისა და ხორბლის სამშობლოა. სულ ახლახან აშშ-ის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნებული უახლესი კვლევებით საბოლოოდ დადასტურდა, რომ საქართველო, 8 000-წლიანი ღვინის კულტურისა და ყურძნის მოყვანის კულტურასთან ერთად, ხორბლის კულტივაციის კერაცაა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, ხორბლის 5 ენდემური და 24 კულტურული ჯიშიდან 17 საქართველოშია.
„ალოობა 2026“-ის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა კულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობა. მოეწყო ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების საგამოფენო სივრცე, ასევე სამეცნიერო და ეთნოგრაფიული ექსპოზიციები. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო პურის ცხობის ტრადიციული მეთოდები, ასევე ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია.
საქართველოში ხორბლის მოსავლის აღება, როგორც წესი, ივლისსა და აგვისტოში ხდება. რეგიონის მიხედვით, პროცესი შეიძლება სექტემბრამდე გაგრძელდეს.
ხორბალი მოჰყავთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მაგრამ ყველაზე დიდი ნათესები ქვეყნის ე.წ. ღვინის რეგიონში - კახეთში, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონებში და ცოტა საგარეჯოშია. დედოფლისწყაროში 55 ათასი ჰექტარი სახნავი მიწაა, რომლის 80%-მდე ხორბალსა და ჭვავს უკავია.
ხორბლის ყანებია ქვემო ქართლშიც: ბოლნისის, მარნეულის, გარდაბნის რაიონებში, ნათესებია წალკაში, ბოგდანოვკაში, ახალქალაქსა და ახალციხეში, მაგრამ ეს მთიანი მხარეა, ამიტომ მოსავალი გვიან მწიფდება. ხორბლის მცირე ყანები არის შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ გორისა და ქარელის რაიონებში.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ხორბლის წარმოება 135-150 ათასი ტონის ფარგლებშია.
წლის განმავლობაში საქართველო დაახლოებით 800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. ფქვილის უმეტესი ნაწილი (დაახლოებით 78%) შემოდის რუსეთიდან, რომელიც ასევე მარცვლის უდიდესი მომწოდებელიცაა.
ყველა ახალი ამბავი
0