პაპუაშვილი: ჩვენი ამერიკელი პარტნიორების რჩევაა ყურადღება არ მივაქციოთ ჯო უილსონს

© Сourtesy of Georgian Governmentშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2026
გამოწერა
23 ივლისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო 2027 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის საკუთარი ვერსია, რომელიც საქართველოს შესახებ ჯო უილსონის ინიცირებულ შესწორებებს შეიცავს.
თბილისი, 26 ივლისი - Sputnik. სხვა ქვეყნები საქართველოსთან მიმართებით რას შეისწავლიან, მათი საქმე და უფლებაა, ისევე როგორც ჩვენ ვსწავლობთ, რა ინტერესები აქვთ სხვა ქვეყნებს საქართველოსთან მიმართებით, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტთან დაკავშირებით.
23 ივლისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო 2027 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის საკუთარი ვერსია, რომელიც საქართველოს შესახებ ჯო უილსონის ინიცირებულ შესწორებებს შეიცავს. დოკუმენტი ავალდებულებს ამერიკის ხელისუფლებას, გადახედოს საქართველოსთან ურთიერთობათა სტრატეგია, ასევე შეისწავლოს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სტრუქტურებისა და მათთან დაკავშირებული აქტივების შეღწევის მასშტაბი.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, აშშ თავად გადაწყვეტს რა შეისწავლოს და მას ჯო უილსონის მოწოდება არ სჭირდება.
„ეს არის აშშ-ის საქმე, რას შეისწავლის. სასაცილოა, როდესაც ჯო უილსონი ფიქრობს, ტრამპის ადმინისტრაციას მისი მოწოდება სჭირდება, რომ შეისწავლოს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში იმ ქვეყნების გავლენა, რომელთანაც აშშ კონკურენციაშია. ჩვენ გვაქვს ძალიან კეთილმეგობრული რჩევა ამერიკელი პარტნიორებისგან, ყურადღება არ მივაქციოთ ჯო უილსონს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
სპიკერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ორი მთავარი ამოცანა - ქვეყნის გამთლიანება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა.
„რა ურთიერთობაც ამას ხელს შეუწყობს, ყველა ამ ურთიერთობისთვის გახსნილი ვართ, რომელი ურთიერთობაც ამას ხელს შეუშლის, არც ერთი არ იქნება დაშვებული", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, ბრიუსელს ნაკლებად ადარდებს საქართველოს მომავალი, რის გამოც ხელისუფლება მათი დღის წესრიგით არ იმოქმედებს“.
„ბრიუსელის ხათრით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ და მათი პოლიტიკურ დღის წესრიგს ნამდვილად ვერ ავყვებით", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი
23 ივლისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო 2027 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის საკუთარი ვერსია, რომელიც საქართველოს შესახებ ჯო უილსონის ინიცირებულ შესწორებებს შეიცავს.
პროექტს 216-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 212-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო ქსელების შესახებ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 180 დღისა, თავდაცვის მდივანმა, ეროვნული დაზვერვის დირექტორთან და სახელმწიფო მდივანთან კოორდინაციით, კონგრესის შესაბამის კომიტეტებს უნდა წარუდგინოს საიდუმლო ანგარიში საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო ქსელების შესახებ.
გარდა ამისა, ანგარიშმა უნდა შეაფასოს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენისა და თანამშრომლობის შესაძლო გადაკვეთისა და ურთიერთქმედების ფორმები.
კონგრესის შესაბამის კომიტეტებს ასევე უნდა წარედგინოს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების შესახებ აშშ-ის ხუთწლიანი სტრატეგია, რომელიც:
განსაზღვრავს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების კონკრეტულ მიზნებს, რომლებიც ასახავს საქართველოში არსებულ შიდა პოლიტიკურ გარემოს;
განსაზღვრავს იმ ინსტრუმენტებს, რესურსებსა და დაფინანსებას, რომლებიც აუცილებელია აღნიშნული მიზნების მისაღწევად, ასევე შეაფასებს, უნდა დარჩეს თუ არა საქართველო აშშ-ის დაფინანსების ერთ-ერთ უმსხვილეს მიმღებად ევროპისა და ევრაზიის რეგიონში;
განსაზღვრავს, რა მასშტაბით უნდა განაგრძოს შეერთებულმა შტატებმა საქართველოში პარტნიორობის განვითარებაში ინვესტირება;
შეაფასებს, რჩება თუ არა საქართველოს მთავრობა ერთგული აშშ-სა და ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების მიზნისადმი და უნდა გააგრძელოს თუ არა აშშ-ის მთავრობამ საქართველოში სხვადასხვა პროექტის დაფინანსება.
ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს არასაიდუმლო ფორმით, რომელსაც თან ერთვის საიდუმლო დანართი.
კანონის ძალაში შესასვლელად მას სენატმაც უნდა დაუჭიროს მხარი, რის შემდეგაც დოკუმენტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გადაეცემა.
ყველა ახალი ამბავი
0