მკვლელობა ვერაზე: ბრალდებული ნიკოლოზ კაპანაძე კლინიკიდან ციხეში გადაიყვანეს

© press-service of the Ombudsmanგლდანის ციხე
გლდანის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2026
გამოწერა
ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო პროცესი გუშინ კლინიკაში ჩატარდა.
თბილისი, 26 ივლისი - Sputnik. ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ნიკოლოზ კაპანაძე კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
მკვლელობა თბილისში, ვერაზე 22 ივლისს მოხდა. შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთი, 17 წლის ნიკა ღუნაშვილი დაიღუპა.
კაპანაძე 23 ივლისს დედის საკუთრებაში არსებულ სასტუმროში დააკავეს. მან დაკავებისას სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ხელის თითებზე დაზიანება მიიღო და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
ნიკოლოზ კაპანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეუფარდეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო პროცესი ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ჩატარდა, რის შემდეგაც ბრალდებული გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს.
პროკურატურამ კაპანაძეს ბრალი ოთხი მუხლით წარუდგინა - საგამოძიებო უწყება მას დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება.
მკვლელობა ვერაზე
შემთხვევა 22 ივლისს, დაახლოებით 21:35 საათზე თბილისში, აკაკი შანიძის ქუჩა №31-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ღია საზოგადოებრივ სივრცეში მოხდა. პროკურატურის ცნობით, ბრალდებულს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან.
შელაპარაკების პარალელურად, ახალგაზრდები ავტომანქანაში ჩასხდნენ და ადგილიდან გარიდება სცადეს, რა დროსაც ნიკოლოზ კაპანაძემ GLOCK 34 GEN 4 მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომლის ტარების უფლებაც მას არ ჰქონდა, ახალგაზრდების მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც სამი ახალგაზრდა დაიჭრა, ასევე თავის არეში ცეცხლნასროლი დაზიანება მიიღო გამვლელ ტაქსში მყოფმა ახალგაზრდა ქალმა.
სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად ერთ-ერთი მათგანი, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
კაპანაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე (განზრახ მკვლელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას), 19,109-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, 3 პირის მიმართ), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 19,353-ე მუხლებით (პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის ხელყოფის მცდელობა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0