„ქართული ოცნება“: სააკაშვილი კომიკოს ოქრიაშვილის მხარდაჭერით ძალადობას ახალისებს

© photo: Sputnik / Stringerდავით მათიკაშვილი
დავით მათიკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2026
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილის პოსტმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია.
თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სტენდაპ კომიკოს ონისე ოქრიაშვილის მხარდაჭერა უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული „ფსევდოლიბერალური და, არსებითად, ნეონაცისტური იდეოლოგიის“ გამოვლინებაა.
მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოქრიაშვილის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნდა და მას „ნათელი, განათლებული, გონებაგახსნილი, პოზიტიური“ უწოდა. მისი თქმით, მომავალი მისნაირი ახალგაზრდებისაა. კომიკოსს საზოგადოების ნაწილი იუმორისტული პოდკასტის დროს მწერალ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს - სწორედ ამ ეთერის შემდეგ კომიკოსზე ფიზიკური თავდასხმა განახორციელდა.
„ფსევდოლიბერალური, გარედან დაფინანსებული და საქართველოს ნომერ პირველი აგენტის მიერ გაჟღერებული ფრაზები, ლაიტმოტივი, რომელიც პირდაპირ ძალადობის წამახალისებელია. ებრძვიან ავტორიტეტებს, ებრძვიან მორალურ ღირებულებებს, ეკლესიას, საპატრიარქოს - ყველაფერ იმას, რაც წარმოადგენს ქართულის შემადგენელ ნაწილს. ამ შემთხვევაში, სწორედ აგენტი სააკაშვილის მიერ გაჟღერებული ეს ფსევდო ლიბერალური და სინამდვილეში ნეო-ნაცისტური მიმართულება, პირდაპირ ასახავს იმ იდეოლოგიურ სიბნელეს, რაშიც იმყოფებიან ფსევდო ლიბერალები სააკაშვილის ხელმძღვანელობით. სააკაშვილი, როგორც ნომერ პირველი აგენტი, გარედან მიღებული დავალებების შემსრულებელი და მის მიერ წახალისებული ძალადობა - ეს არის სახე დღევანდელი რადიკალიზმისა და აგენტურული ოპოზიციისა საქართველოში“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
როგორც ცნობილია, საქართველოს პროკურატურამ სტენდაპ კომიკოს ონისა ოქრიაშვილზე თავდასხმის ფაქტზე ბრალი ნიკა ხურცილავას წაუყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 ივლისის ღამეს, თბილისში, ბრალდებულმა ონისე ოქრიაშვილს თავში და სხეულის სხვადასხვა ნაწილში რამდენჯერმე დაარტყა, მას შემდეგ, რაც მან ნოდარ დუმბაძესთან დაკავშირებით შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოიყენა. პოლიციამ ბრალდებული ინციდენტიდან რამდენიმე საათში დააკავა.
პროკურატურამ წინასწარი პატიმრობა 5000 ლარიანი გირაოს ალტერნატივით მოითხოვა. დღეს მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა ხურცილავას 5000 ლარიანი გირაო განუსაზღვრა, რის შემდეგაც იგი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ბრალდებულის ადვოკატის, შოთა მირველაშვილის თქმით, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობს.
მწერლის შვილიშვილმა, ნოდარ მაჭარაშვილმა, სასამართლოში მხარი ხურცილავას დაუჭირა. მან განაცხადა, რომ მოხარულია, რომ ხურცილავა გირაოთი გაათავისუფლეს და ინციდენტს ძალადობა კი არა, „ღირსებისთვის ბრძოლა“ უწოდა და აღნიშნა, რომ მისი ბაბუის მთელი ლიტერატურა სწორედ ამ თემაზე იყო.
შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ პოდკასტში კომიკოსმა ონისე ოქრიაშვილმა, როდესაც უპასუხა კითხვას, თუ ვინ შეიძლება სძულდეს შოუს ერთ-ერთ მოწვეულ სტუმარს, ახსენა ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, ნოდარ დუმბაძის სახელი, შემდეგ კი უცენზურო სიტყვები გამოიყენა. კომიკოსმა მოგვიანებით განაცხადა, რომ მან მწერალი ჰიპოთეტურად ახსენა და რომ თავად ფრაზა კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.
ონისე ოქრიაშვილი ასევე ცნობილია ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობით და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ კრიტიკული განცხადებებით.
ყველა ახალი ამბავი
0