კორპუსი არ დაასრულეს და „ჰაერს“ ყიდნენ: ქუთაისში სამშენებლო კომპანიის დირექტორები დააკავეს

© Investigation Service of the Ministry of Finance of Georgiaსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2026
გამოწერა
ბრალდებულებმა მოქალაქეებს 1.688.374 აშშ დოლარისა და 411.897 ლარის ოდენობის ზიანი მიაყენეს.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისთვის მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხების მითვისებისთვის შპს „სკაიფორტის" ყოფილი და მოქმედი დირექტორები დააკავეს, განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ლევან წაქაძემ ბრიფინგზე.
როგორც წაქაძემ განმარტა, ბრალდებულებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბინათმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი თანხები მიითვისეს, მოტყუებით დაეუფლნენ სხვის ქონებას და უკანონოდ ისარგებლეს დაყადაღებული ქონებით.
საქმის მასალების თანახმად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის ბრძანებით, შპს „სკაიფორტს" ბარათაშვილის ქუჩა №139-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა მიეცა, რომლის მოქმედების ვადა 2019 წლის თებერვლამდე იყო განსაზღვრული. კომპანიამ მშენებლობის მხოლოდ გარკვეული ეტაპები განახორციელა, თუმცა პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში დღემდე არ დასრულებულა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 91 მომავალ მესაკუთრეს სხვადასხვა კვადრატულობის საცხოვრებელი და კომერციული ფართები ჰქონდა შეძენილი, რისთვისაც მათ ჰქონდათ გადახდილი შესაბამისი თანხები. აღნიშნულის საფუძველზე მათ კეთილსინდისიერად შეძენილი ფართები უნდა გადასცემოდათ, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხები მშენებლობის პროცესში მიზნობრივად არ გამოიყენეს. მათ კორპუსის მშენებლობისთვის 91 მოქალაქისგან მიღებული 1.258.332 აშშ დოლარი და 411.897 ლარი მიითვისეს.
გარდა ამისა, გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა პროექტით გათვალისწინებული საცხოვრებელი და კომერციული ფართების სრულად რეალიზაციის შემდეგ, დამატებითი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანეს და მათ არარსებული, საერთო ჯამში 1.287 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი და კომერციული ფართი (ე.წ. "ჰაერი") მიჰყიდეს, რის შედეგადაც 15 მოქალაქისგან თაღლითურად დამატებით 430.000 აშშ დოლარს დაეუფლნენ.
საერთო ჯამში, ბრალდებულებმა მოქალაქეებს 1.688.374 აშშ დოლარისა და 411.897 ლარის ოდენობის ზიანი მიაყენეს.
გამოძიება მიმდინარეობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და დაყადაღებული ქონებით უკანონო სარგებლობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე და 377-ე მუხლებით.
დანაშაულები სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულებრივ სქემაში შესაძლო სხვა მონაწილე პირების გამოვლენისა და იდენტიფიცირების მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0