სეს-ი: პატრონიანი ძაღლების სტერილიზაციის და რეგისტრაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

ძაღლი - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2026
გამოწერა
ღონისძიებებს ტენდერით გამოვლენილი კერძო ვეტერინარული დაწესებულებები ახორციელებენ.
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციის, იდენტიფიკაციის (ჩიპირება) და ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, იუწყბა სურსათის ეროვნული სააგენტო.
მათივე ცნობით, ღონისძიებებს ტენდერით გამოვლენილი კერძო ვეტერინარული დაწესებულებები ახორციელებენ.
"აღსანიშნავია, რომ ვეტერინარული მანიპულაციები ტარდება როგორც სტაციონარულ, ასევე მობილურ კლინიკებსა და საველე პირობებში. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები მუდმივად აკვირდებიან პროცესს, რათა პროცედურები სტანდარტების სრული დაცვითა და სტერილურ პირობებში ჩატარდეს", – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილი გაეცნო რეგიონებში ღონისძიებების მიმდინარეობას და აღნიშნა, რომ პროცესი ყველა რეგიონს მოიცავს და ეფექტიანად მიმდინარეობს.
"აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს ცხოველთა უკონტროლო გამრავლების პრევენციას, ცხოველთა დაავადებების გავრცელების შემცირებას, ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას", – აღნიშნა ალექსანდრე ზურაბიშვილმა.
სეს-ში აღნიშნავენ, რომ პროგრამის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით ღონისძიებების ჩატარების განრიგი წინასწარ ქვეყნდება სოციალურ ქსელში. ასევე, ცხოველების მეპატრონეებს და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის" განხორციელება მარტის დასაწყისში დაიწყო. პროგრამის მიზანია ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველყოფა და ცოფის პრევენცია, რაც მნიშვნელოვანია როგორც შინაური ცხოველების, ასევე ადამიანთა ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დასაცავად.
ყველა ახალი ამბავი
0