სუვერენული პოლიტიკის დროა: „ქართული ოცნება“ ტრამპის პოლიტიკასთან თანხვედრაზე საუბრობს

ირაკლი კირცხალია
ირაკლი კირცხალია - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2026
გამოწერა
მმართველი პარტია იმედოვნებს, რომ ახალი სიგნალი ვაშინგტონიდან ურთიერთობების გადახედვას გაუხსნის გზას.
თბილისი, 23 ივლისი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვას ელოდება და მზადაა თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყოს ვაშინგტონის მიერ სუვერენული პოლიტიკის პრინციპის მხარდაჭერის შემთხვევაში, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ.
გასულ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წერილი გამოუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელშიც აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, „რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“.
„უნდა გაითავისოს ყველამ, რომ დღეს მსოფლიოში არის სუვერენული პოლიტიკის დრო, თუ ამას მხარს დაუჭერს აშშ ჩვენ მზად ვართ სუფთა ფურცლიდან დავაბრუნოთ ის საყრდენი საქართველოში, რომელი საყრდენიც ყოველთვის იყო - ამერიკის შეერთებული შტატები“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
დეპუტატის თქმით, აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოსთან დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და მას „აუხსნელი თავდასხმები“ უწოდა.
„ტრამპის პოლიტიკასთან გვაქვს ყველა პოლიტიკური ღირებულებაში თანხვედრა, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, მედიების მიმართ“, - აღნიშნა კირცხალიამ.
ირაკლი კირცხალიას მიაჩნია, რომ ის, რაც საქართველოს თავს ხდება წლების შემდეგ პოლიტოლოგიაში ერთ-ერთ ქეისად შევა.
„რაც ხდება ჩვენს თავს ალბათ წლები გავა და პოლიტოლოგიაში ერთ-ერთ ქეისად იქნება, თუ რას გაუძლო და რას უძლებს ჩვენი ქვეყანა უდიდესი ძალების მხრიდან“, - აღნიშნა კირცხალიამ.
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, „ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება დიპლომატიური მისიების მეშვეობით კომუნიკაციით შემოიფარგლება.
ყველა ახალი ამბავი
0