საქართველოს შეუძლია სხვადასხვა ქვეყნისთვის მრავალფუნქციური ჰაბი გახდეს - პრემიერ-მინისტრი

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2026
გამოწერა
ბევრ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ძალიან კარგ საფუძველს ქმნის მრავალი ქვეყნის ინტერესის გასაღვივებლად საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით
თბილისი, 23 ივლისი - Sputnik. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, საქართველოს შეუძლია სხვადასხვა ქვეყნისთვის მრავალმხრივი ცენტრი გახდეს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სინგაპურში.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციამ სინგაპურში მაღალი დონის შეხვედრები გამართა. მხარეებმა განიხილეს ვაჭრობის, ეკონომიკის, ავიაციისა და სხვა სფეროებში შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები.
„ჩვენ გვაქვს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და ამ მდებარეობის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა თვალსაზრისით... საქართველოს შეუძლია, გახდეს ჰაბი, ყველა თვალსაზრისით, სხვადასხვა ქვეყნისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს ბევრ ქვეყანასთან აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები და ეს ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისათვის, რომ ჩვენ დააინტერესოს მრავალი ქვეყანა საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებით.
მისი თქმით, საჭიროა აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ ეს რესურსი მაქსიმალურად იქნას ათვისებული. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ორიენტირებულია კავშირების გაფართოებაზე.
„ძალიან ვაქტიურობთ, მათ შორის, აზიის მიმართულებით. გვქონდა ბევრი მნიშვნელოვანი ვიზიტი და შეხვედრა. ცენტრალური აზიის ქვეყნებთან გვაქვს მჭიდრო ურთიერთობები, ასევე, ჩვენს სამეზობლოსთან, აზერბაიჯანთან სომხეთთან, თურქეთთან და კიდევ ღრმად გვინდა, განვავითაროთ ეს ურთიერთობები“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, სინგაპური არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რადგან ის არის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავე ეკონომიკა.
„სინგაპურს აქვს საუკეთესო გამოცდილება ბევრ სფეროში. ავიაციის მიმართულებით, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით. ყველა მიმართულებით, საქართველოსთვის მომგებიანი იქნება ამ თანამშრომლობის გაღრმავება, პირველ რიგში, იმისათვის, რომ უკეთ ავითვისოთ ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველოს უწყებების ხელმძღვანელებსა და მათ სინგაპურელ კოლეგებს შორის შეხვედრები, რომლებზეც მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული კონკრეტული დეტალები განიხილეს, უახლოეს მომავალში ხელშესახებ შედეგებს მოიტანს.
საქართველომ და სინგაპურმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 16 თებერვალს დაამყარეს.
ინდონეზიაში საქართველოს საელჩოს ცნობით, ჯაკარტაში დიპლომატიური მისია ოფიციალურად წარმოადგენს ქვეყნის ინტერესებს სინგაპურში, ფილიპინებში, აღმოსავლეთ ტიმორსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში (ASEAN).
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2025 წელს 2024 წელთან შედარებით 11,1%-ით შემცირდა და 35,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0