კალაძე: ყველას დავეხმარებით, ვისაც წვიმამ გარკვეული პრობლემები შეუქმნა

© photo: Sputnikწვიმა თბილისში
წვიმა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2026
გამოწერა
მთელი ღამის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი უწყება, მათ შორის „თბილსერვის ჯგუფი“ და რაიონული გამგეობები, ასევე საპატრულო პოლიცია მობილიზებული იყო და მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ქალაქის მართვა ნიშნავს არა იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს, არამედ იმას, რომ ყოველწლიურად უფრო მომზადებული ხვდები ამ გამოწვევებს, განაცხადა თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
გუშინ, საღამოს მოსულმა ძლიერმა წვიმამ თბილისის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა. წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები, რის გამოც გარკვეულ მონაკვეთებზე გართულდა ავტომობილებით გადაადგილება.
კალაძის თქმით, მერია ყველა იმ ადამიანს დაეხმარება, რომელსაც წვიმამ გარკვეული პრობლემები შეუქმნა.
„ცხელი ხაზი" მუშაობს და ნებისმიერ შემოსულ ზარს ჩვენ ვპასუხობთ და ვახდენთ შესაბამის რეაგირებას. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ყველა იმ ადამიანს დავეხმარებით, ვისაც გარკვეული პრობლემები შეუქმნა წვიმამ, დაიტბორა სარდაფები, ეზოებს შეექმნა პრობლემები. იყო გარკვეული მომართვიანობა რაიონებში და ჩვენი კომპეტენციის და შესაძლებლობის ფარგლებში ყველას გვერდით დავუდგებით", - განაცხადა კალაძემ.
კალაძის განცხადებით, მთელი ღამის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი უწყება, მათ შორის „თბილსერვის ჯგუფი“ და რაიონული გამგეობები, ასევე საპატრულო პოლიცია მობილიზებული იყო და მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, რის შედეგადაც მოძრაობა აღდგენილია მთელი ქალაქის მასშტაბით.
მისი თქმით, ძლიერი წვიმის შედეგად გარკვეულ უბნებში შეიქმნა პრობლემები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, კონკრეტული საგზაო მონაკვეთები.
„გვაქვს კონკრეტული ქუჩები, სადაც სანიაღვრე ქსელები საერთოდ არ არსებობს, თუმცა უმეტესობა ქუჩებსა და გამზირებზე არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციები არის მოძველებული, ისეთი მდგომარეობაა, რომ კრიტიკას ვერ უძლებს, შესაბამისად, ეტაპობრივად ყველაფერს განვაახლებთ", - განაცხადა კალაძემ.
გუშინ, საღამოს, წყლის დიდი მასის გამო საავტომობილო მოძრაობა სერიოზულად შეიზღუდა და გართულდა აღმაშენებლის ხეივანზე, გლდანში, ავლაბრის მიმდებარედ, მარჯვენა სანაპიროსა და აეროპორტის გზაზე.
იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილი მთლიანად დაიტბორა. თამარაშვილის გამზირზე კი წვიმამ ნიაღვართან ერთად ქვა-ღორღი ჩამოიტანა, რის გამოც საავტომობილო გზა დროებით ჩაიკეტა. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა დიღმის მასივსა და დიდ დიღომში.
მუნიციპალური სამსახურებისა და საპატრულო პოლიციის განცხადებით, ამ დროისთვის დედაქალაქის ძირითად საავტომობილო მაგისტრალებზე მოძრაობა ყველგან აღდგენილია და ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში გადაადგილდება
ყველა ახალი ამბავი
0