სააგენტო: თბილისში ერთ საათში ივლისის ნორმაზე 30%-ით მეტი ნალექი მოვიდა

© photo: Sputnik / Stringerძლიერი წვიმა თბილისში
ძლიერი წვიმა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2026
გამოწერა
უწყების ცნობით, მცირე დროში დიდი რაოდენობით მოსული ნალექი ზრდის მოულოდნელი წყალმოვარდნებისა და ჰიდრომეტეოროლოგიური კატასტროფების რისკს, რასაც ქალაქის სანიაღვრე სისტემები ფიზიკურად ვერ ატარებს
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. კლიმატის ცვლილების პირობებში იზრდება არა მხოლოდ ექსტრემალური ნალექების სიხშირე, არამედ მათი ინტენსივობაც - მცირე დროში დიდი რაოდენობით ნალექი მოდის, რაც ზრდის უეცარი დატბორვების რისკს, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, 2026 წლის 20 ივლისის ღამის საათებიდან და 21 ივლისის დილამდე თბილისის უმეტეს ტერიტორიაზე აღინიშნა სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენების კატეგორიის ძლიერი ინტენსივობის ნალექი, რის შედეგადაც, ქალაქის ცალკეულ უბნებში ადგილი ჰქონდა ქუჩების დატბორვას და ურბანული ინფრასტრუქტურის დროებით გადატვირთვას.
„ნალექების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე აღინიშნა, სადაც დაახლოებით 8 საათის განმავლობაში 110 მმ ნალექი მოვიდა, რაც თბილისის მასშტაბით ივლისის თვის რეკორდული მაჩვენებელია. ამასთან, 1 საათში (20.07.23:00-21.07.00:00) ამ რაოდენობის ნახევარზე მეტი 54.5 მმ დაფიქსირდა, რაც თბილისისთვის ივლისის თვის კლიმატურ ნორმას 30%-ით აღემატება", - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ნალექი ქალაქის მასშტაბით არათანაბრად გადანაწილდა - განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექი თბილისის დასავლეთ და ცენტრალური ნაწილის ცალკეულ უბნებში დაფიქსირდა.
დღის განმავლობაში ზედაპირული ჰაერის მნიშვნელოვანი გათბობის, ატმოსფეროს ქვედა ფენებში ტენის მაღალი შემცველობისა და ზედა ფენებში შედარებით ცივი ჰაერის შემოჭრის ფონზე ატმოსფეროს ძლიერი არამდგრადობა შეიქმნა. ასეთ პირობებში სწრაფად განვითარდა მძლავრი კონვექტიური ღრუბლები, რომლებმაც მცირე ტერიტორიაზე, დროის მოკლე მონაკვეთში, ინტენსიური წვიმა გამოიწვია.
მსგავსი მოვლენების დროს დამახასიათებელია ნალექის ძირითადი ნაწილი რამდენიმე საათში მოსვლა. მოცემულ შემთხვევაში, დაახლოებით 7-8 საათის განმავლობაში დედაქალაქის ფარგლებში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ, ხოლო ცალკეულ უბნებში 2.5-ჯერ მეტი ნალექის რაოდენობა მოვიდა.
„სწორედ ნალექის ასეთი მაღალი ინტენსივობა წარმოადგენს წყალმოვარდნების, ქუჩების დატბორვისა და ურბანული ინფრასტრუქტურის გადატვირთვის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს", - ნათქვამია განცხადებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს პროცესების უწყვეტ მონიტორინგს და აცხადებს, რომ მოსალოდნელი სახიფათო მოვლენების შესახებ მოსახლეობას ინფორმაციას ოპერატიულ რეჟიმში მიაწვდის.
ყველა ახალი ამბავი
0