რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყება

© Sputnik / Viktor Kaminskyრუსთაველის გამზირი
რუსთაველის გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2026
გამოწერა
სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ ტერიტორიას - 2 კილომეტრამდე გზის სავალ ნაწილს.
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყება, რის გამოც რუსთაველის გამზირსა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა სახის ავტომობილის გადაადგილება შეიზღუდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთაველის გამზირის სრული აღდგენის პროექტის შესახებ პირველად 2023 წელს განაცხადა. გამზირის განახლება 2024 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, მაშინ პროექტი კვლევის ჩატარების აუცილებლობის გამო გადაიდო. მოგვიანებით გადაწყდა სარემონტო სამუშაოები 2025 წლის მაისში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებით დაწყებულიყო, თუმცა, გამზირის რეაბილიტაცია კვლავ გადაიდო.
„რუსთაველის გამზირი არის ჩვენი დედაქალაქის სავიზიტო ბარათი როგორც ვიზუალური, ისე ისტორიული თვალსაზრისით, რომელსაც უნახავს არაერთი სიხარული, გამარჯვება, ტკივილი თუ მწუხარება და აუცილებლად უნდა იყოს მოწესრიგებული და თანამედროვე, რათა ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდეს სიამაყის განცდა. დედაქალაქის მთავარი გამზირი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი და დატვირთულია, სრულად რეაბილიტირდება და თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტულ სივრცედ გარდაიქმნება“, - განაცხადა კალაძემ.
მერის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 23 ივლისს, 24:00 საათზე დაიწყება და ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება.
„სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს, ნოემბრის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული. პროექტის განხორციელებას დღისა და ღამის განმავლობაში ჩვენი შესაბამისი სამსახურები გაუწევენ ზედამხედველობას, რათა დროულად დავამთავროთ სამუშაოები“, - განაცხადა კალაძემ.
სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ ტერიტორიას - 2 კილომეტრამდე გზის სავალ ნაწილს.
პროექტის პირველ ეტაპზე განახლდება მიწის ქვემოთ არსებული კომუნიკაციები, შეიცვლება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალური სისტემები, ასევე საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნებიც.
ამასთან, მოეწყობა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარი, დაიგება ასფალტის საფარი, სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება ახალი განათების ბოძები თავისი ლედ-სისტემებით.
პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი გამწვანების კომპონენტსაც მოიცავს. განახლდება არსებული მწვანე სივრცეები, დაირგვება ახალი ხე-მცენარეები.
ასევე მოეწყობა მიწის ზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები, დაიხაზება ჰორიზონტალური მონიშვნები და გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
რუსთაველის გამზირი თბილისის სიმბოლო და ტურისტებისთვის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. რუსთაველის გამზირზე მდებარეობს საქართველოს პარლამენტის შენობა, წამყვანი თეატრებისა და მუზეუმების შენობები, მათ შორის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
ყველა ახალი ამბავი
0