მოსაზრება: ირანი „აწვება“ ꟷ აშშ-მა მსოფლიოს დახმარებისთვის მიმართა

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2026
გამოწერა
კერძო წესით ჩადენილი ძარცვა და მკვლელობა ყველა ქვეყანაში სისხლის სამართლის დანაშაულია. აშშ-ის შეიარაღებული თავდასხმა ირანზე, კანონიერი ხელისუფლების მკვლელობისა და ნავთობის საბადოების ხელში ჩაგდების მიზნით, „თავისუფალი მსოფლიოს“ მიერ გამართლებულ სახელმწიფო პოლიტიკად, „ამერიკის კვლავ დიადად ქცევის“ საშუალებად არის მიჩნეული. პენტაგონის ოპერაციები ახლო აღმოსავლეთში პირველყოფილი ველურობის განსახიერებაა. თუ „მსხვერპლი“ ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს, დახმარებისთვის „თანამზრახველების“ მოხმობა ან გაქცევა ხდება საჭირო.
21 ივლისს, ამერიკულმა ჯარებმა ირანზე ღამის დარტყმების ზედიზედ მეათე სერია დაასრულეს. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა: „დაზიანდა ირანის სამეთაურო პუნქტები, რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამშვები დანადგარები, საზღვაო ობიექტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები“. მსგავსი განცხადებების რაოდენობა 28 თებერვლიდან უკვე აღურიცხავია, თუმცა, ირანის არმიის საბრძოლო შესაძლებლობები არ მცირდება.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა საპასუხოდ, სარაკეტო და უპილოტო დარტყმები მიიტანა პენტაგონის ბაზებზე ქუვეითში, ბაჰრეინსა და იორდანიაში— განადგურდა საჰაერო თავდაცვის სისტემის რადარი, F-15 ტიპის გამანადგურებელი, რამდენიმე MQ-9 ტიპის სადაზვერვო-საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატი და კომპანია Amazon-ის მონაცემთა ცენტრი.
აშშ-ის სამხედრო დაზვერვამ გააფრთხილა: „მრავალთვიანი საჰაერო დარტყმების მიუხედავად, ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამა განვითარებას აგრძელებს, ხოლო ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარაკეტო პოტენციალი იზრდება“. პენტაგონში განსაკუთრებულ შეშფოთებას მათი სიზუსტის, მანევრულობისა და სიცოცხლისუნარიანობის გაუმჯობესება იწვევს. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, თეირანმა, შესაძლოა, ახალი დამიზნების სისტემები და სხვა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიები ჩინეთიდან ან რუსეთიდან მიიღო. ირანული ბალისტიკური რაკეტებისა და ჰიპერბგერითი დამგეგმავი აპარატების ახალი თაობები ავლენენ „ფრენის საბოლოო ეტაპზე სულ უფრო რთულ მანევრირებას, რაც მათ შეფერხებას ართულებს“.
ისრაელის გაზეთმა Haaretz-მა ადრე დაადასტურა, რომ ცაჰალის ობიექტების მიმართულებით გაშვებული ირანული ათი რაკეტიდან, რვამ მიზანს მიაღწია.
The Washington Post-ის მონაცემებით, მხოლოდ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ირანთან ომში ასამდე ამერიკელი სამხედრო დაზარალდა. Military Watch Magazine პენტაგონს დანაკარგების შესახებ ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს: „ირანთან ომის დროს, დაზარალდა 427 ამერიკელი სამხედრო, რაც მნიშვნელოვნად აღემატება იმ მონაცემებს, რომლებიც ცალკეული თავდასხმების შემდეგ გამოქვეყნდა“. უცნობია, ზუსტად რამდენი ამერიკული თვითმფრინავი, ვერტმფრენი და სადაზვერვო-საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა, თუმცა, ირანის სარაკეტო დარტყმებმა აშშ-ის 17 სამხედრო ობიექტი, მათ შორის 11 სამხედრო ბაზა დააზიანა. ძირითად სამიზნეებს რადიოლოკაციური სისტემები, თვითმფრინავების სადგომები და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ობიექტები წარმოადგენდა.
აშშ ირანთან სრულმასშტაბიანი (სახმელეთო) ომის ზღვარზეა, თუმცა პენტაგონს ინტენსიური და ხანგრძლივი კონფლიქტის საწარმოებლად საკმარისი რესურსი არ გააჩნია. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 19 ივლისს აღიარა, რომ აშშ-ს ძალები არ ჰყოფნის, და დახმარებისთვის სხვა ქვეყნებს მიმართა: საჭიროა ამერიკელებისა და ორმუზის სრუტის ირანისგან „გადარჩენა“!
ირანის თავდაცვითი მრეწველობის სიმძლავრე და მდგრადობა მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა, რომელიც აშშ-ის ხელმძღვანელობით, დასავლური კოალიციის ჩამოყალიბებასა და საბრძოლო მოქმედებებს აფერხებს. ნატოს მოკავშირეები პენტაგონის ახალ ავანტიურაში ჩართვას არ ჩქარობენ (ერაყში, ავღანეთსა და ლიბიაში განცდილი კრახის შემდეგ). დასავლეთ ევროპა „დანაშაულებრივ“ თავშეკავებას ავლენს. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა ვაშინგტონსა და თეირანს თამამად ზავის დადება შესთავაზეს. სპარსეთის ყუროს მონარქიებს ირანთან ომი არ სურთ და აშშ-ის „უსაფრთხოების ქოლგით“ მეტად იმედგაცრუებულები არიან.
ყოველი შემთხვევისთვის, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აზერბაიჯანი და თურქეთი გააფრთხილა, რომ მათი ტერიტორიიდან განხორციელებულ ამერიკულ დარტყმებს საპასუხო იერიშებით უპასუხებს. თუმცა, ანკარამ ვაშინგტონი გააფრთხილა, რომ, ქურთი სეპარატისტების შეიარაღებული რაზმების ირანის ტერიტორიაზე შეჭრის შემთხვევაში, თეირანს სამხედრო მხარდაჭერას გაუწევს. როგორც იტყვიან, აღმოსავლეთი — ფაქიზი რამაა...
იემენელმა ჰუსიტებმა (მოძრაობა „ანსარ ალაჰი“) 20 ივლისს საუდის არაბეთისთვის საზღვაო და საჰაერო ბლოკადის გამოცხადების შესახებ განაცხადეს და შეერთებულ შტატებს ახალი ფრონტის გახსნით დაემუქრნენ. წითელ ზღვაში გემთმიმოსვლის ბლოკირების საშუალებებს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები და უპილოტო კატერები წარმოადგენს. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მოქმედებების მსგავსად, ორმუზის სრუტეში, ჰუსიტებს შეუძლიათ ბაბ-ელ-მანდების სრუტის კონტროლი, ანუ გემთმიმოსვლის სრულად დაბლოკვა და მსოფლიო ეკონომიკისთვის „ბირთვული დარტყმის“ მიყენება. ეს სერიოზული საფრთხეა.
2026 წლის ამერიკა-ირანის ომის ზაფხულის ეტაპი, შესაძლოა, გაზაფხულისაზე უფრო მკაცრი და სისხლისმღვრელი აღმოჩნდეს. აშშ-მ თვალთმაქცურად განაცხადა, რომ ივლისის ოპერაციის მიზანი იყო „ირანის შესაძლებლობის შემცირება, თავდასხმა განეხორციელებინა ორმუზის სრუტეში გამავალ გემებზე“. გვახსოვს, რომ იქ გემთმიმოსვლის თავისუფლება ამერიკა-ისრაელის აგრესიის დაწყებისთანავე, 28 თებერვალს დასრულდა.
დღეს არაბეთის ზღვაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ათობით საბრძოლო ხომალდი იმყოფება, მათ შორის ორი ბირთვული ავიამზიდი, დიდი სადესანტო ხომალდი და „ტომაჰავკებით“ შეიარაღებული სარაკეტო ესმინეცები. რეგიონში ამერიკული დამრტყმელი ავიაცია კონცენტრირდება. შესაძლებელია ირანის საზღვაო ბლოკადის აღდგენა, ახალი საჰაერო დარტყმები, ორმუზის სრუტის კუნძულებზე 20–30 ათასი რეინჯერის გადასხმა, თუმცა ეს ყველაფერი ვერ მისცემს პენტაგონს შესაძლებლობას, დაიმორჩილოს 90-მილიონიანი მოსახლეობის, თანამედროვე არმიისა და ძლიერი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მქონე უზარმაზარი ქვეყანა.
გავლენიანმა ბრიტანულმა გაზეთმა The Guardian-მა დღეს აღნიშნა: „ირანში ავანტიურა აშშ-ს რეპუტაციასა და გავლენას ართმევს“. თითქოს, კორეის, ვიეტნამის, ერაყისა და ავღანეთის ომების შემდეგ, ამერიკის რეპუტაციას ვეღარაფერი შელახავდა, მაგრამ კვლავ იგივე მოხდა. თუ აგრესია თავიდანვე დანაშაულებრივ, უკონტროლო კატასტროფად იწყება და ვითარდება, ირანის მიწაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები მხოლოდ აშშ-ის არმიის დანაკარგების ზრდასა და ვაშინგტონისთვის სამარცხვინო დასასრულს გამოიწვევს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე!
ყველა ახალი ამბავი
0