თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება

© MESთელავი
თელავი - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2026
გამოწერა
12 ივლისს მოსული უხვი ნალექის შედეგად თელავისხევი ადიდდა და დატბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ასევე დააზიანა ინფრასტრუქტურა.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ამ დროისთვის თელავში სტიქიის მოვლენების ეპიცენტრი - კავკასიონის, სეხნიაშვილის და ალაზნის ქუჩები ღვარცოფის ნარჩენებისგან სრულად გაწმენდილია, განაცხადა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ.
12 ივლისის გამთენიისას თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგად თელავისხევი ადიდდა. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და ღვარცოფულმა ნაკადმა ქალაქის ქუჩების ნაწილი, საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები და კომერციული ფართები დატბორა. ქალაქის ტერიტორიაზე 57,3 მმ ნალექი მოვიდა, რაც ივლისის თვის ნორმის 85%-ს შეადგენს.
„თითქმის სრულად გაიწმინდა მოვლენების ეპიცენტრი ნატანი მასისგან. აქტიურად სრულდება გაწმენდითი სამუშაოები კავკასიონის ქუჩაზე, ალაზნის გამზირზე, სეხნიაშვილი ქუჩაზე, ასევე აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები დამბების მიმართულებით, გზა გავიდა მესამე დამბამდეც“, - განაცხადა კალმახელიძემ.
მისი თქმით, ალაზნისა და მდინარე ხევის მიმართულებით აქტიურად ხორციელდება გაწმენდითი სამუშაოები. ასევე მიმდინარეობს მდინარე კისისხევის ნაპირდამცავი საშუალებების აქტიური გამაგრება.
საქართველოში ბოლო წლებში სტიქიური უბედურებები გახშირდა. 2023 წლის აგვისტოში მაღალმთიან კურორტ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი თვის შემდეგ, იმავე მიზეზით, კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა. 2024 წლის 6 და 7 თებერვალს აჭარისა და იმერეთის რეგიონებში მეწყერისა და ზვავის ჩამოწოლას 11 ადამიანი ემსხვერპლა.
საქართველოში მომაკვდინებელი მეწყერის წარმოქმნის მთავარ მიზეზად სპეციალისტები კლიმატის ცვლილებას ასახელებენ. 2018 წელს საქართველოში დაიწყო მასშტაბური შვიდწლიანი პროგრამა, რომელიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებისკენ არის მიმართული.
პროგრამა საქართველოს მთავრობამ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) და შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით აამოქმედა.
პროექტის ბიუჯეტი, რომელიც სხვა ღონისძიებებთან ერთად ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნასაც მოიცავს, 74 მილიონ დოლარს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0