დაუსრულებელი მშენებლობიდან – ახალ ცხოვრებაში: თბილისში 58 ოჯახს ბინები გადაეცა

© Courtesy of Tbilisi City Hall ბინის გასაღები
ბინის გასაღები - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2026
გამოწერა
სამშენებლო სამუშაოები „საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფმა” განახორციელა და პროექტი ვადაზე ადრე დაასრულა.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ კოოპერატიული ბინათმშენებლობების დაუსრულებლობის გამო დაზარალებულ 58 ოჯახს საცხოვრებელი ფართების გასაღებები გადასცა. ისინი ამიერიდან დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელ კომპლექსში იცხოვრებენ.
დედაქალაქის მერმა ოჯახებს ახალმოსახლეობა მიულოცა და განაცხადა, რომ დაზარალებული 3 500-მდე ოჯახიდან ფართებით უკვე დაყმაყოფილებულია 2 500-ზე მეტი ოჯახი, პროცესი კი პრობლემის სრულად გადაჭრამდე გაგრძელდება.
„დღეს ის განსაკუთრებული დღეა, როდესაც ემოცია, სიხარული, სიამაყის და გამარჯვების განცდა ერთად იყრის თავს. საუბარია ათასობით ოჯახის მომავალზე, რომლებმაც გამოიარეს გაურკვევლობის, შიშისა და უიმედობის მრავალწლიანი პერიოდი“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, წლების წინ არაერთმა ოჯახმა საკუთარი შრომითა და დანაზოგით სტაბილური მომავალი დააბანდა, რომლის ასრულებაც, სამწუხაროდ, დიდი ხნით გადაიდო.
„დღეს სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი საარჩევნო დაპირება კონკრეტულ შედეგებს ითვლის - კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3 500-მდე ოჯახიდან უკვე დაკმაყოფილებულია 2 500-ზე მეტი დაზარალებული", - აღნიშნა მერმა.
დედაქალაქის მერმა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს საქმის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
სამშენებლო სამუშაოები „საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფმა” განახორციელა და პროექტი ვადაზე ადრე დაასრულა. კომპლექსის პირველი ბლოკის, დაახლოებით, 40% კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეებისთვის იყო განკუთვნილი.
როგორც მერიაში აღნიშნეს, ამ ეტაპზე გამოცხადებულია ინტერესთა გამოხატვის 33 პროექტი. 29 პროექტზე უკვე მიღებულია მშენებლობის ნებართვა და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. წლის ბოლომდე 12 პროექტი დასრულდება, რომელთა ფარგლებში ფართებით 600-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება, 2029 წლისთვის კი 17 პროექტის დასრულდება იგეგმება.
დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა თბილისის მერიისა და ქონების მართვის სააგენტოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს და აღნიშნული პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0