საქართველომ სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვები აზერბაიჯანთანაც აამოქმედა

© Land Transport Agencyსაქართველოს და აზერბაიჯანის წარმომადგენლები
საქართველოს და აზერბაიჯანის წარმომადგენლები - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2026
გამოწერა
ციფრული სანებართვო სისტემა ორმხრივ თანამშრომლობას ეფუძნება და საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნის მიერ სანებართვო დოკუმენტების გაცვლისა და ადმინისტრირების მიზნით, ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებას ითვალისწინებს.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სფეროში ციფრული სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და გაცვლის პროცედურა წარმატებით დაინერგა, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ქართველი გადამზიდველები, თურქეთის მსგავსად, სანებართვო დოკუმენტების ელექტრონული ფორმატით აზერბაიჯანშიც ისარგებლებენ - თურქეთთან მიმართებით აღნიშნული სიახლე 2026 წლის ივლისის დასაწყისში ამოქმედდა.
როგორც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ განაცხადა, ციფრული სისტემა მნიშვნელოვნად ამარტივებს გადაზიდვებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ პროცედურებს, უზრუნველყოფს მონაცემთა სწრაფ და უსაფრთხო მიმოცვლას, ამცირებს ტექნიკურ ბარიერებს, ასევე ქაღალდის დოკუმენტაციის გამოყენების საჭიროებას და ქმნის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების მართვის თანამედროვე და გამჭვირვალე და ეფექტიან შესაძლებლობებს.
მისი თქმით, ელექტრონულ ფორმატში სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და კონტროლის პროცესი მეტად სწრაფია და ზრდის საერთაშორისო სატრანსპორტო ოპერაციების ეფექტიანობას.
ციფრული სანებართვო სისტემა ორმხრივ თანამშრომლობას ეფუძნება და საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნის მიერ სანებართვო დოკუმენტების გაცვლისა და ადმინისტრირების მიზნით, ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებას ითვალისწინებს.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გამართული ეფექტური მოლაპარაკებების შედეგად 2026 წლისთვის თითოეული სახის სანებართვო დოკუმენტისთვის უკვე გაიცვალა 1 ათასო ერთეული ელექტრონული სანებართვო ბლანკი, ხოლო 2027 წლიდან იგეგმება სრულად გადასვლა ციფრულ ფორმატზე.
როგორც უწყებაში განმარტეს, აღნიშნული სიახლეები და შესაძლებლობები ხელს შეუწყობს საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის გადაზიდვების სექტორის განვითარებას, გაამარტივებს სატრანსპორტო ოპერაციებს და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის როლს.
საქართველო და აზერბაიჯანი
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.
ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში.
კერძოდ, საუბარია მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებზე: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
ყველა ახალი ამბავი
0