„გასტრონომიის ეროვნული სააგენტო“ ფუნქციონირებას შეუდგა

© Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2026
გამოწერა
საწყის ეტაპზე სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობას დროებით შეითავსებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დღეიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებას ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „გასტრონომიის ეროვნული სააგენტო“ იწყებს, ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სააგენტო შეიქმნა ქვეყნის გასტრონომიული მემკვიდრეობის დაცვის, განვითარების, პოპულარიზაციისა და საერთაშორისო ცნობადობის გაძლიერების, ასევე, გასტრონომიის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის (სტრატეგიის) ფორმირებისა და განხორციელების მიზნით.
საწყის ეტაპზე სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობას დროებით შეითავსებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი.
„გასტრონომიის ეროვნული სააგენტო" უზრუნველყოფს ქართული გასტრონომიული მემკვიდრეობის კვლევას, დაცვასა და პოპულარიზაციას, შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების სრულყოფას, სახელმწიფო უწყებებს, კერძო სექტორსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტიან კოორდინაციას, ასევე ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობას როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
სააგენტოს საქმიანობა ასევე ხელს შეუწყობს რეგიონული განვითარების პროცესს, სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაციასა და ტრადიციული ადგილობრივი პროდუქტების კომერციალიზაციას, რაც გაზრდის სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლებს, გააძლიერებს ადგილობრივ წარმოებას და წაახალისებს სოფლის ეკონომიკურ განვითარებას.

გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ტურისტული პოტენციალის, განსაკუთრებით კი აგრო და გასტრონომიული ტურიზმის განვითარების მიმართულებით. ამასთან, გაძლიერდება გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და გამოყენების პრაქტიკა, რაც უზრუნველყოფს ქართული პროდუქციის ხარისხის, ავთენტურობისა და რეპუტაციის დაცვას და მომხმარებელთა ნდობის ზრდას.
სააგენტო ასევე ფოკუსირებული იქნება ტრადიციული კულტურების, მცენარეთა ჯიშებისა და პროდუქტების სახეობების შენარჩუნების საკითხებზე გასტრონომიული რეცეპტების დასაცავად, ასევე კერძების დასახელებებისა და მათი გეოგრაფიული წარმომავლობის პრაქტიკული მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე.
ის ასევე ითანამშრომლებს ადგილობრივ მწარმოებლებთან მათი შესაძლებლობების გასაძლიერებლად და უფრო ფართო ბაზარზე გასვლის მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0