რაგბი: საქართველოს ნაკრებმა ერთა თასის მესამე მატჩში ჩილე დაამარცხა

© Сourtesy of Georgian Rugbyრაგბის ნაკრები
რაგბის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2026
გამოწერა
მეორე ეტაპის მატჩები ნოემბერში საქართველოში გაიმართება – „ბორჯღალოსნების“ მეტოქეები აშშ-ის, ტონგოსა და კანადის ნაკრებები იქნებიან.
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ახალი ტურნირის, ერთა თასის მესამე მატჩი სანტიაგოში ჩილესთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 49:22 დაამარცხა.
პირველ ტაიმში მოედანზე ქართველი მორაგბეები დიმინირებდნენ, მეტოქეს ოთხი ლელო დაუდეს (მატკავამ ოთხივე გარდასახა), ორი ლელო საკუთარ ჩათვლის მოედანში მიიღეს და პირველი ნახევარი 28:15 მოიგეს.
მეორე ტაიმში თამაშის მიმდინარეობა არ შეცვლილა, უპირატესობას კვლავ საქართველოს ნაკრები ფლობდა, რაც ოთხ დადებულ ლელოში აისახა, ჩილელებმა კი ე.წ. გაწითლელბულ დროში ერთი ლელო დადეს და საბოლოოდ „ბორჯღალოსნებმა“ მესამე მატჩიც მოგებით დაასრულეს.
ამით ერთა თასის ზაფხულის ეტაპი დასრულდა. მეორე ეტაპის მატჩები ნოემბერში საქართველოში გაიმართება – „ბორჯღალოსნების“ მეტოქეები აშშ-ის, ტონგოსა და კანადის ნაკრებები იქნებიან.
მსოფლიო რაგბის ერთა თასი
მსოფლიო რაგბის ერთა თასი ახალი ტურნირია, რომელიც ზაფხულისა და შემოდგომის ტესტ-მატჩებს ჩაანაცვლებს. მასში 24 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ორ ჯგუფად არიან დაყოფილი. ერთა ჩემპიონატში მსოფლიოს 12 მოწინავე ნაკრები თამაშობს – სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, საფრანგეთი, ირლანდია, ავსტრალია, არგენტინა, ინგლისი, შოტლანდია, უელსი, იტალია, ფიჯი და იაპონია.
ერთა თასის მეორე დივიზიონში 2027 წლის მსოფლიო თასზე გასული 12 გუნდი თამაშობს, რომლებიც რეგიონული პრინციპით ორ 6-გუნდიან ჯგუფში არიან განაწილებული.
A ჯგუფი ამერიკასა და ოკეანეთს აერთიანებს: კანადა, ჩილე, სამოა, ტონგა, ურუგვაი, აშშ.
B ჯგუფი ევროპის, აზიისა და აფრიკის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა: საქართველო, ჰონკონგი, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, ზიმბაბვე.
თითოეული გუნდი მეორე ჯგუფის ყველა წარმომადგენელს წრიული სისტემით შეხვდება. თამაშები ივლისისა და ნოემბრის სანაკრებო ფანჯრის დროს გაიმართება. მოპოვებული ქულები ერთიან სატურნირო ცხრილში აისახება და ნოემბრის ბოლოს თითოეულ ჯგუფში საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი ერთა თასის პირველ, ისტორიულ ჩემპიონად გამოცხადდება.
ზაფხულის თამაშები სამხრეთ (9 მატჩი) და ჩრდილოეთ (9 მატჩი) ამერიკაში იმართება.
ყველა ახალი ამბავი
0