აბაშიძე: ანაკლიის პორტის განახლებული გენგეგმა მულტიმოდალური ჰაბის შექმნას ითვალისწინებს
გამოწერა
აბაშიძის განცხადებით, წარმატებული პორტი არის ის, რომელიც სხვადასხვა სატრანსპორტო სახეობას ერთიან, ეფექტიან ლოგისტიკურ სისტემაში აერთიანებს. სწორედ ამ პრინციპზე უნდა განვითარდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურიც, რათა სრულად გამოიყენოს შუა დერეფნის მზარდი პოტენციალი.
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ანაკლიის განახლებული გენგეგმა ითვალისწინებს თანამედროვე მულტიმოდალური ნავსადგურის განვითარებას, რომელიც საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო გადაზიდვების ეფექტიან ინტეგრაციას უზრუნველყოფს, განაცხადა „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორმა ივანე აბაშიძემ როტერდამის ნავსადგურში ვიზიტისას.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება. ვიზიტის მიზანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების ახალი მოდელის განხორციელების პროცესში მსოფლიოს საუკეთესო საპორტო გამოცდილებისა და საერთაშორისო პარტნიორების ექსპერტიზის გამოყენება - როტერდამის საზღვაო ნავსადგური მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე წარმატებული პორტია, რომელიც „ლენდლორდის“ მოდელით ფუნქციონირებს.
აბაშიძის თქმით, ევროპის უდიდეს ნავსადგურში მულტიმოდალური სატრანსპორტო სისტემებისა და ტერმინალების ოპერირების პრაქტიკის გაცნობა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებისათვის.
„ანაკლია არ იქნება მხოლოდ საზღვაო ნავსადგური. იგი გახდება სივრცე, სადაც ეფექტიანად იქნება ინტეგრირებული საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო გადაზიდვები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტვირთების გადაადგილების სისწრაფეს, ეფექტიანობასა და კონკურენტუნარიანობას. სწორედ ასეთი ინტეგრირებული ინფრასტრუქტურა ქმნის დამატებით ღირებულებას შუა დერეფნისთვის და აძლიერებს საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ლოგისტიკური ჰაბის როლს“, - განაცხადა აბაშიძემ.
როგორც სააგენტოს დირექტორმა აღნიშნა, ნავსადგურის კონკურენტუნარიანობა მხოლოდ ნავმისადგომებით აღარ განისაზღვრება. წარმატებული პორტი არის ის, რომელიც სხვადასხვა სატრანსპორტო სახეობას ერთიან, ეფექტიან ლოგისტიკურ სისტემაში აერთიანებს. სწორედ ამ პრინციპზე უნდა განვითარდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურიც, რათა სრულად გამოიყენოს შუა დერეფნის მზარდი პოტენციალი, დასძინა მან.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის მართვისა და განვითარების სტრატეგია ფუნდამენტურად შეიცვალა - კერძოდ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. ლენდლორდის მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს.
როგორც ადრე ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განმარტა, „ლენდლორდის“ მოდელი გულისხმობს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება პორტის წილების 100% ადრე გამოცხადებული 51%-იანი წილის ნაცვლად, ხოლო ტერმინალები, რომლებიც მის ტერიტორიაზე აშენდება და განკუთვნილია როგორც მშრალი, ისე კონტეინერული ტვირთისთვის, იჯარით გადაეცემა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას (დაღრმავება, ტალღმჭრელის პროექტირება და მშენებლობა) უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, საზღვაო სამუშაოები 3 წლის შემდეგ დასრულდება.
როგორც ხელისუფლებაში განაცხადეს, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველ ეტაპზე ჯამში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, ხოლო ამ ეტაპის დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.
ადრე ხელისუფლება აცხადებდა, რომ ანაკლიის პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს.
ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited & China Harbour Investment Pte. Ltd. ერთადერთი კომპანია გახდა, რომელიც ანაკლიის პორტის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა.
საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მასთან ხელშეკრულებას ხელი არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა მოეწერება, თუმცა მოლაპარაკებები ინვესტორთან დღემდე გრძელდება.
