პარტნიორობის ახალი ეტაპი: რაზე შეთანხმდნენ საქართველოსა და თურქმენეთის ლიდერები

© Сourtesy of Georgian Governmentსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თურქმენეთის პრეზიდენტი სარდარ ბერდიმუჰამედოვი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თურქმენეთის პრეზიდენტი სარდარ ბერდიმუჰამედოვი - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2026
გამოწერა
მოლაპარაკებების დროს მხარეებმა ისაუბრეს არა მხოლოდ პოლიტიკურ კონტაქტებზე, არამედ ეს იყო ორმხრივი ურთიერთობებისთვის ახალი პრაქტიკული ფორმატის მინიჭების მცდელობაც.
თბილისი, 17 ივლისი - Sputnik. ცენტრალური აზია საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო რეგიონია და ამ კონტექსტში თურქმენეთი საიმედო პარტნიორად და მეგობრულ სახელმწიფოდ განიხილება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა, რომელიც საქართველოში პირველი სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება.
„შუა აზია საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო რეგიონია. ამ კონტექსტში ჩვენ თურქმენეთს განვიხილავთ როგორც საიმედო პარტნიორსა და ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს. ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობები ეფუძნება მრავალწლიან მეგობრობას და ურთიერთპატივისცემას, რაც შემდგომი თანამშრომლობისთვის ძალიან მყარ საფუძველს ქმნის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის განცხადებით, სერდარ ბერდიმუჰამედოვთან პირისპირ შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების ძირითად მიმართულებებზე, ასევე განიხილეს რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.
კობახიძე დარწმუნებულია, რომ თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში.
მისი თქმით, მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს და ურთიერთგაგების მემორანდუმებს.
„ეს დოკუმენტები ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ კავშირებს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველო არის თურქმენეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი, ქვეყნებს შორის ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თავის მხრივ განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა.
„თურქმენეთი აფასებს კონსტრუქციულ პოზიციას საქართველოს მხრიდან საერთაშორისო დონეზე და აღნიშნავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს დადებითი განვითარების კუთხით“, - განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა.
მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერს და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის ურთიერთობების თვისებრივად ახალ დონეზე გადაყვანის საკითხზე.
„ჩვენ გვქონდა მეგობრული და კონსტრუქციული შეხვედრა. ჩვენ ვისაუბრეთ გუშინ და დადასტურდა, რომ მომავალში გაგრძელდება თანამშრომლობა თურქმენეთსა და საქართველოს შორის და ამის მიმართ აღებული არის ვალდებულება. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაფართოოთ პოლიტიკური ურთიერთობები, გავაფართოოთ ასევე ჩვენი თანამშრომლობა, დიპლომატიური ძალისხმევა, რათა ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდეს“, - აღნიშნა ბერდიმუჰამედოვმა.
თურქმენეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზე, რომ ფართოვდება მექანიზმები თანამშრომლობისა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით გაეროსთან.
მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური კავშირების განვითარებას და საქმიანი თანამშრომლობის გაღრმავებას.
„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბიზნეს-ურთიერთობებს, ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერებას და გვსურს, კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენი ეკონომიკური კავშირები“, - განაცხადა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა.
საქართველომ და თურქმენეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობენ. მათ შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა 2022 წელს ამოქმედდა.
ყველა ახალი ამბავი
0