დემოკრატიის საფარქვეშ: მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში სიტყვით გამოვიდა

© Courtesy of Ministry of Foreign Affairs of Georgiaმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2026
გამოწერა
მინისტერიალი „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ ვაშინგტონში დაახლოებით 60 ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობით იმართება.
თბილისი, 17 ივლისი - Sputnik. პოლიტიკური ტერორიზმი დღეს არა მხოლოდ ძალადობით, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისა და სუვერენულ ქვეყნებზე ზეწოლის კამპანიებითაც ვლინდება, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ვაშინგტონში.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ პოლიტიკური ტერორიზმის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში დაყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე.
„ეს განხილვა განსაკუთრებით დროულია, რადგან დღეს ვდგავართ რთული და მუდმივად ცვალებადი გამოწვევების წინაშე, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე. მსოფლიოში, რადიკალური ჯგუფები სხვადასხვა იდეოლოგიის ქვეშ მოქმედებენ, მათ შორის, ხშირად, დემოკრატიის სახელით. თუმცა მათი მიზანი არა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, არამედ მათი დასუსტებაა,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის თქმით, საქართველო მსგავსი გამოწვევის თვალსაჩინო მაგალითია და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა საბაბით ქართული საზოგადოების პოლარიზებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრის არაერთი მცდელობა მოხდა.
„ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული კამპანიები, რომლებიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლო, საარჩევნო სისტემისა და სხვა კონსტიტუციური ორგანოების დისკრედიტაციას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რადიკალური ჯგუფები ძალადობის და საბოტაჟის აქტების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობენ.
„ასევე გავხდით მოწმე იმისა, რომ რადიკალური ჯგუფები ძალადობის და საბოტაჟის აქტების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობენ,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა საერთაშორისო ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების რისკებზე და აღნიშნა, რომ ასეთი ქმედებები ზიანს აყენებს, როგორც სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს, ისე თავად საერთაშორისო ორგანიზაციების ავტორიტეტს.
„არანაკლებ შემაშფოთებელია მსგავსი ქმედებების ლეგიტიმაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუტების გამოყენება რეზოლუციებისა და სხვა მექანიზმების საშუალებით, რომლებიც მიზნად ისახავს სუვერენულ სახელმწიფოებზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებას და ამავე დროს ამ ინსტიტუტების რეპუტაციასა და სანდოობას ლახავს,“ - აღნიშნა მინისტრმა.
მინისტერიალი „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ ვაშინგტონში დაახლოებით 60 ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობით იმართება.
ღონისძიება, რომელიც ორგანიზებულია აშშ-ის ახალი ანტიტერორისტული სტრატეგიული ჩარჩოს ფარგლებში, ეძღვნება პოლიტიკური ძალადობის ახალი ტალღისა და ექსტრემისტული დაჯგუფებების საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის ზომების განხილვას.
მონაწილეები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და ამ სფეროში ერთობლივი ძალისხმევის კოორდინაციაზე.
ყველა ახალი ამბავი
0