თბილისში საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმი იმართება - საქართველოს მთავრობის მოლოდინები

© photo: Sputnik / Stringerთბილისის ხედები
თბილისის ხედები - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2026
გამოწერა
თბილისში მიმდინარე ბიზნეს-ფორუმი ხელს შეუწყობს ახალი ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებასა და ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელებას, ფიქრობს პრემიერი
თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. საქართველო და თურქმენეთი სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან და ამ პარტნიორობის შემდგომ განვითარებას აპირებენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველო-თურქმენეთის ბიზნეს-ფორუმის გახსნაზე.
ბიზნესფორუმი თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის საქართელოში ვიზიტის ფარგლებში იმართება.
„დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობა წარმატებით ვითარდება და სულ უფრო მეტ შესაძლებლობას აჩენს კერძო სექტორის, ინვესტორებისა და ბიზნეს საზოგადოებისთვის “, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, თბილისში მიმდინარე ბიზნეს-ფორუმი ხელს შეუწყობს ახალი ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებასა და ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელებას.
„დღეს საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან. გასულ წელს, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 26%-ით გაიზარდა და 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. დადებითი დინამიკა მიმდინარე წელსაც შენარჩუნებულია“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერება თანამშრომლობის გაფართოებისთვის, რათა სრულად იქნას ათვისებული პარტნიორობის შესაძლებლობები.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მისასალმებელია თურქმენეთის ინტერესი საქართველოს შავი ზღვის პორტების მიმდებარედ ლოგისტიკური და სასაწყობე შესაძლებლობების გაფართოების მიმართულებით.
„მივესალმებით თურქმენეთის ინტერესს, საქართველოს შავი ზღვის პორტების მიმდებარედ ლოგისტიკური და სასაწყობე შესაძლებლობების გაფართოების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ არსებული პორტები, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და მის ბაზაზე დაგეგმილი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა თურქმენული კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდება რეგიონულ ბაზრებზე გასასვლელად“, – აღნიშნა პრემიერმა.
ბერდიმუჰამედოვი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, და განიხილა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი სფეროები. თურქმენეთის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის შეხვედრა პარასკევს, 17 ივლისს არის დაგეგმილი.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი შეხვედრები.
საქართველომ და თურქმენეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობენ. მათ შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა 2022 წელს ამოქმედდა.
ყველა ახალი ამბავი
0