რა სიახლეს სთავაზობს ეროვნული ბანკის მომხმარებელს

© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ბანკის ვებ-გვერდზე ახალი ფუნქციონალი საბანკო სერვისების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას გაზრდის.
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე საგადახდო მომსახურების ტარიფებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების შედარების პლატფორმა ამოქმედდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც მარეგულირებელი განმარტავს, აქამდე მომხმარებლებს სხვადასხვა ბანკის საგადახდო მომსახურებების ტარიფების, ვალუტის გაცვლითი კურსების, დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების შესადარებლად თითოეული ბანკის ვებგვერდზე ინფორმაციის ცალ-ცალკე მოძიება უწევდათ, რაც დამატებით დროსა და რესურსს მოითხოვდა.
"ახალი ფუნქციონალი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ერთ სივრცეში შეადარონ სხვადასხვა ბანკის პირობები და ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს როგორც მომხმარებლისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას, ისე საბანკო სექტორში გამჭვირვალობისა და ჯანსაღი კონკურენციის გაძლიერებას", - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ახალი პლატფორმის წარდგენის ღონისძიებაზე.
ახალი პლატფორმის წარდგენის ღონისძიებას კომერციული ბანკების, მიკრობანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ხელმძღვანელები, პროექტში ჩართული მხარეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ახალი ფუნქციონალის საშუალებით მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება:
შეადაროს სხვადასხვა კომერციული ბანკის საგადახდო ანგარიშებთან დაკავშირებული მომსახურების ტარიფები;
სხვადასხვა ფილტრის გამოყენებით შეარჩიოს მომსახურებები მისთვის საინტერესო კრიტერიუმებით და მარტივად შეადაროს სხვადასხვა ბანკის შეთავაზებები;
მიიღოს განახლებული ინფორმაცია კომერციული ბანკების მიმდინარე გაცვლითი კურსების შესახებ;
გამოიყენოს მარტივი, რთული, საბარათე და ვალუტის გაცვლის კალკულატორები სხვადასხვა მომსახურებით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების წინასწარ შესაფასებლად;
ასევე, შეადაროს კომერციულ ბანკებში მოქმედი დეპოზიტების ეფექტური საპროცენტო განაკვეთები და აირჩიოს ფულის დაზოგვის მისთვის საუკეთესო ალტერნატივა.
მარეგულირებელი იმასაც აღნიშნავს, რომ ვებგვერდზე წარმოდგენილი ინფორმაცია და პირობები ასახავს კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკისთვის მიწოდებულ მონაცემებს, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დროს განახლდეს.
ამდენად, ოპერაციის განხორციელებამდე, მოქმედი ვალუტის გაცვლითი კურსი და შესაბამისი მომსახურების პირობები მომხმარებელმა მისთვის სასურველ კომერციულ ბანკთან უნდა გადაამოწმოს.