მიმდინარე წლის 6 თვეში უკანონო თევზჭერის 281 ფაქტი ფაქტი გამოვლინდა

© photo: Sputnik / Stringerთევზჭერა
თევზჭერა - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2026
გამოწერა
ჯამში უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 268 კგ-ს გადააჭარბა.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 281 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კანონდარღვევებიდან 131 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
ჯამში უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 268 კგ-ს გადააჭარბა.
ყველაზე მეტი - 66 ფაქტი გამოვლენილია დასავლეთის რეგიონულის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 46 ფაქტი დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში, 37 - კახეთში, 40 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 22 - ქვემო ქართლში, 18 - აჭარისა და გურიის ტერიტორიაზე, 5 - შიდა ქართლში, 4 - სამცხე-ჯავახეთში. 36 ფაქტი კი გამოვლენილია შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
სამართალდარღვევები გამოვლინდა დედაქალაქშიც. მიმდინარე წლის 6 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 7 ფაქტი გამოავლინეს.
ბრაკონიერები ხშირ შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე და ელექტროიარაღი. უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 6 თვეში პრევენციული ღონისძიებების შედეგად ჯამში ამოღებულია 3,5 ათას მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე და 65-მდე თევზმახე.
ელექტროიარაღი საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ისე ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა და გასაღებაც კანონით დასჯადი ქმედებაა.
სსკ-ის მე-300 მუხლის თანახმად, ელექტროიარაღით ან სხვა აკრძალული იარაღით უკანონო თევზჭერა ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 320-დან 400 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.
ბოლო წლებში უკანონო თევზჭერის მიმართულებით ფაქტების გამოვლენის გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც გაძლიერებული კონტროლის შესაძლებლობის შედეგია.
საქართველოში აკრძალულია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა.
ყველა ახალი ამბავი
0