საქართველოს ეროვნული ხე ექნება

© photo: Sputnik / Stringerხეები
ხეები - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2026
გამოწერა
ამ ინიციატივით საქართველო შეუერთდება მსოფლიოს 100-ზე მეტ სახელმწიფოს, რომლებსაც საკუთარი ბუნებისა და იდენტობის სიმბოლოდ კონკრეტული ხე აქვთ გამოცხადებული.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ხის შესარჩევად სპეციალური მრავალდარგობრივი კომისია შეიქმნა და მუშაობას შეუდგა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
ამ ინიციატივით საქართველო შეუერთდება მსოფლიოს 100-ზე მეტ სახელმწიფოს, რომლებსაც საკუთარი ბუნებისა და იდენტობის სიმბოლოდ კონკრეტული ხე აქვთ გამოცხადებული.
საქართველოს ეროვნული ხის შერჩევის კომისიის პირველ სხდომას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, საქართველოს ტყე ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსია, ეროვნული ხის განსაზღვრა კი მის პოპულარიზაციას, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ეროვნული იდენტობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
„ინიციატივის მიზანია ისეთი ხის სახეობის განსაზღვრა, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავს საქართველოს ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას. ეროვნული ხის განსაზღვრით ქვეყანა შეუერთდება მსოფლიოს 100-ზე მეტ სახელმწიფოს, რომლებსაც უკვე აქვთ საკუთარი ეროვნული ხე, როგორც ბუნებისა და ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვანი სიმბოლო“,- განაცხადა წკრიალაშვილმა.
სხდომის ფარგლებში კომისიის წევრებმა საქართველოს ეროვნული ხის შერჩევის კონცეფცია, მისი მნიშვნელობა და ხის სახეობების შერჩევის კრიტერიუმები განიხილეს.
მრავალდარგობრივი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ბოტანიკოსები, მეტყევეები, კულტურისა და ისტორიის მკვლევრები, სახელმწიფო უწყებების, სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს საპატრიარქოსა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ეკოლოგიური, სიმბოლური და ისტორიული მნიშვნელობის გათვალისწინებით შეარჩევს არაუმეტეს ხის ხუთ სახეობას.
გავრცელებული ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, სპეციალური პლატფორმისა და საინფორმაციო კამპანიის მეშვეობით, უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებასა და ჩართულობას, რის შემდეგაც კომისია, საზოგადოების მოსაზრებების გათვალისწინებითა და ხმათა უმრავლესობით, საქართველოს ეროვნულ ხეს დაასახელებს.
ყველა ახალი ამბავი
0