მერია: ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყება

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2026
გამოწერა
მერიის ცნობით, სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება და რვა თვეში დასრულდება.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ვაკის რაიონში, ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე ფერდის გამაგრების მასშტაბური სამუშაოები იწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
სოფელ ახალდაბისკენ მიმავალი გზა, განსაკუთრებით წყნეთი-ახალდაბის მონაკვეთი, მეწყრულ ზონად ითვლება. 2015 წლის სტიქიის შემდეგ აქ ჩატარდა მასშტაბური გზის გამაგრებითი სამუშაოები, მოეწყო ხიმინჯები და დამცავი ბადეები.
კალაძის თქმით, პროექტის მთავარი მიზანია მეწყერსაშიში პროცესების პრევენცია, საგზაო ინფრასტრუქტურის დაცვა და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება მეწყერსაშიში ფერდის საინჟინრო-საპრევენციო ღონისძიებები - სამუშაოები 13 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე შესრულდება.
„უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აღნიშნულ მონაკვეთზე აშენდება ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედლები. ასევე, ფერდზე მოეწყობა 2.060 ანკერი, დამონტაჟდება ფოლადის გალვანიზებული ბადე და ბაგირი, რაც აღმოფხვრის ქანების ჩამოშლისა და მეწყრული პროცესების განვითარების რისკს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, გათვალისწინებულია სანიაღვრე არხის მოწყობაც, რომელიც ზედაპირული წყლების მოცილებისთვის მნიშვნელოვანია და ფერდის მდგრადობას კიდევ უფრო გააძლიერებს.
„სამუშაოების დასრულების ეტაპზე საგზაო სამუშაოები ჩატარდება – დაიგება ასფალტის საფარი, დამონტაჟდება თანამედროვე ლითონის ზღუდარები და სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა კალაძემ.
ფერდის გამაგრების სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს, უახლოეს დღეებში დაიწყება და რვა თვეში დასრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0