პროკურატურა: დანაშაულებრივი ჯგუფი აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ამზადებდა

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2026
გამოწერა
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებისთვის ყალბი დოკუმენტაციის შექმნის ბრალდებით ივნისში კიდევ ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე კიდევ ოთხ პირს წარუდგინა ბრალდება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახალი დანაშაულებრივი ჯგუფი საქართველოს პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლინდა.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე 13 ივლისს ერთი პირი დააკავეს. დაკავებულს და კიდევ ორ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. ასევე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრის მიმართ, რომელიც უზრუნველყოფდა ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე უკვე პასუხისგებაში მიცემულ ორგანიზებული ჯგუფის წევრთათვის ყალბი დოკუმენტების დამზადებას. უწყების ცნობით, აღნიშნული პირი სრულად აღიარებს დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობას, საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობას, ორგანიზებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას ედავება.
უწყების ინფორმაციით, აშშ-ში საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების გამო საქართველოს სამმა მოქალაქემ დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბა. ისინი საქართველოს მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ მათ მიერ დამზადებული დოკუმენტების და ასევე მათ მიერ შექმნილი ისტორიების დახმარებით უპრობლემოდ შეძლებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღებას.
„ჯგუფის წევრები წერდნენ არარსებულ ისტორიებს, თუ როგორ დევნიდნენ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, პოლიტიკური შეხედულების, სექსუალური ორიენტაციის, სამართალდამცავების მხრიდან მათი დევნის და სხვა მიზეზთა გამო. აღნიშნული ისტორიების გამყარების მიზნით, ჯგუფის წევრები ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის და ოფისის ჩხრეკისას ამოღებულ მობილურ ტელეფონებსა და კომპიუტერულ მოწყობილობებში აღმოჩენილია ხუთასამდე მოქალაქის სახელზე დამზადებული ყალბი დოკუმენტაცია, თავშესაფრის მაძიებლისთვის საჭირო ისტორია, ე.წ. ქეისები და სხვა ყველა საჭირო ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციის ყალბი ელექტრონული ბეჭდები.
უწყების ინფორმაციით, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 2026 წლის ივნისამდე ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად 675.794 ლარის, 388.526 დოლარის, 4.964 ევროს ოდენობით ფინანსური სარგებელი მიიღეს.
გამოძიება სსკ-ის 344-ე სეკუნდა მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურმა გასულ თვეში კიდევ ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს და 3 პირი დააკავეს, 6 პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს.
საქმეზე გრძელდება გამოძიება როგორც აღნიშნულ ფაქტებზე, ასევე სხვა ეპიზოდებში მონაწილე პირთა დადგენის და გამოვლენის მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0