კალაძე: ხელისუფლება რეაგირებას მოახდენს პოლიტიკოსების ანტისამთავრობო ნაბიჯებზე

© Government of Georgiaკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2026
გამოწერა
ეროვნული ინტერესების დასაცავად ხელისუფლებამ მიიღო მთელი რიგი კანონები, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც სრულად ზღუდავს საქართველოში პოლიტიკური პარტიების უცხოურ დაფინანსებას.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ქართული ოპოზიციური ძალებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი უცხოურ ძალებს ემსახურება, ამიტომაც სახელმწიფო მკაცრ პასუხს გასცემს ყველას, ვინც მის წინააღმდეგ გამოვა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოური ძალების ინტერესების სასარგებლოდ მუშაობაში არაერთხელ დაადანაშაულა. ოპოზიციური პარტიების ლიდერების ნაწილს ამჟამად ბრალი წარდგენილი აქვს მუხლით — „უცხოური ძალისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“ და მათ საქმეებს სასამართლო განიხილავს.
„სამწუხაროდ, ზოგი პოლიტიკური პარტიის ან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გარე ძალებს ემსახურებიან. ეს ქვეყნისთვის მძიმეა. კონკრეტული ადამიანების მიერ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირება აუცილებლად მოჰყვება“, — განაცხადა კალაძემ.
ქვეყანაში უცხოურ გავლენასთან საბრძოლველად და ეროვნული ინტერესების დასაცავად, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო მთელი რიგი კანონები, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც სრულად ზღუდავს საქართველოში პოლიტიკური პარტიების უცხოურ დაფინანსებას (კონსულტაციებისა და ტრენინგების ჩათვლით).
ასევე, საკანონმდებლო დონეზე კონტროლზეა აყვანილი არასამთავრობოების უცხოური ორგანიზაციების მიერ დაფინანსება. სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო პრაქტიკულად ყველა გრანტის მისაღებად, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციები ვალდებული არიან წარადგინონ ანგარიში, თუ როგორ ხარჯავენ უცხოურ ფულს.
უცხოური დაფინანსების შესახებ მიღებული კანონები საქართველოსა და დასავლეთს შორის უთანხმოების მთავარი მიზეზი გახდა. ამასთან, ეს უკანასკნელი საქართველოსგან ბოლო პერიოდში მიღებული ყველა შესწორების გაუქმებას მოითხოვს.
ყველა ახალი ამბავი
0