არქიტექტურის სამსახურმა ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟზე ნებართვა გასცა

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili„რიყის დოქები"
„რიყის დოქები - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2026
გამოწერა
თბილისის ცენტრში მდებარე ამ ობიექტის საერთო ფართობი მიწის ნაკვეთთან ერთად 14.591 კვადრატული მეტრია.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურმა თბილისის ცენტრში მდებარე შენობის „რიყის დოქების" დემონტაჟის ნებართვა გასცა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რიყის პარკში მდებარე ორი გიგანტური „დოქისგან“ შექმნილი ექსტრავაგანტური კომპლექსი, რომლებშიც საკონცერტო და საგამოფენო დარბაზები უნდა განთავსებულიყო, უფუნქციოა. ცილინდრული ფორმის გამო თბილისელებმა შენობას „ტრუბები" ან „დოქები" შეარქვეს. უჩვეულო შენობა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატრონაჟით აშენდა და ორგანულად უნდა ჩაწერილიყო ახლოს მდებარე იუსტიციის სახლისა და მშვიდობის ხიდის კომპოზიციაში.
თავის დროზე პროექტი 75 მილიონი ლარი დაჯდა. მერიის განცხადებით, 14.591 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული ობიექტების დემონტაჟზე ნებართვა, რომელიც კომპანია Rike Dom-ის საკუთრებაშია, 2026 წლის 16 აპრილს გაიცა.
გავრცელებული ინფორმაციით, სადემონტაჟო სამუშაოები 2026 წლის 25 ივნისიდან 25 დეკემბრის პერიოდში უნდა ჩატარდეს.
დოკუმენტის თანახმად, დემონტაჟს დაქვემდებარებული ობიექტის საერთო ფართობი 8.620 კვადრატულ მეტრს შეადგენს, სამშენებლო მოცულობა — 4.090 კუბურ მეტრს, ხოლო შენობის კონსტრუქციული სიმაღლე — 29,5 მეტრს.
როგორც უწყებაში განმარტეს, აღნიშნული ტერიტორია წლების მანძილზე წარმოადგენდა მიტოვებულ სამშენებლო ობიექტს, რომელიც 2022 წლიდან კერძო საკუთრებაშია.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 6 მაისის განკარგულების თანახმად, ტერიტორიის განვითარება გულისხმობს სასტუმროს მშენებლობას. პროექტის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, განხორციელდეს სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოები, რის შემდეგაც ობიექტი ექსპლუატაციაში შევა და სასტუმრო გაიხსნება.
„უძრავი ქონების განვითარება მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) სასტუმროს შექმნას (რაც შესაძლოა, მოიცავდეს, სამშენებლო/სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით), შესაბამისი შენობა ნაგებობ(ებ)ბის კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღებას (ასეთის საჭიროების შემთხვევაში), ასევე, სასტუმროს ფუნქციონირების დაწყებას“, – აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ „დოქების" გაყიდვა რამდენჯერმე სცადა - უქციონზე ობიექტის გაყიდვის ექვსი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 2022 წელს იგი 10,02 მლნ ლარად გაიყიდა. ქონების მფლობელი გახდა კომპანია Global Victory Trust, რომელიც ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან არის დაკავშირებული.
2022 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ დავით ხიდაშელი ობიექტის 50%-ის გაყიდვას გეგმავდა. საბოლოოდ, 2025 წლის მაისში ბიზნესმენმა ობიექტი გაყიდა. ახალი მფლობელი გახდა შპს „რიყე დომი“ (Rike Dom). გასული წლის ივნისში კომპანიას მფლობელი შეეცვალა — „Rike Dom“-ის წილები კომპანია შპს „მაქრო ფროფერთიმ“ შეიძინა.
ყველა ახალი ამბავი
0