გარემოს ეროვნული სააგენტო თელავში სტიქიის პირველად შეფასებას აქვეყნებს

© MESწყალდიდობა თელავში
წყალდიდობა თელავში - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2026
გამოწერა
სტიქიიდან მეორე დღეს თელავში სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. პირველადი შეფასებით, თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
არსებული მდგომარეობის შესაფასებლად გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფი თელავში გუშინ, დილით ჩავიდა.
უწყების ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიური სადგურების მიხედვით, ნალექების რაოდენობამ თელავის სადგურზე 57.3 მმ შეადგინა, რაც თელავისთვის თვის ნორმის 85%-ს შეადგენს, ხოლო იყალთოს სადგურზე 40.1 მმ.
„მყარი ნატანისა და წყლის კრიტიკული მასის ერთობლიობამ მძლავრი ღვარცოფული ნაკადი ჩამოაყალიბა. მდინარის შუა წელში განთავსებულმა სამმა ღვარცოფდამჭერმა (ე.წ. ხერხეულიძის ღვარცოფდამჭერი) ნაგებობამ ნაწილობრივ უზრუნველყო ნაკადის ფილტრაცია: პირველმა თითქმის სრულად შეაკავა მსხვილი ხე-ტყის მასალა, მეორემ – მცირე რაოდენობის ხე-ტყის ნატანი, ხოლო მესამემ – ქვა-ღორღოვანი ფრაქცია. მიუხედავად ამისა, ნაკადის დიდმა მოცულობამ და ენერგიამ სამივე ნაგებობას მარცხენა მხრიდან გვერდი აუარა, დროებით კალაპოტად გამოიყენა ძველი გრუნტის გზა, დააზიანა ნაპირდამცავი ნაგებობები და გზის ცალკეულ მონაკვეთებზე გამოიწვია საფარის დეფორმაცია", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქალაქის ტერიტორიაზე, მდინარის კალაპოტმა ვერ უზრუნველყო ღვარცოფული ნაკადის სრული გატარება და გადავიდა მიმდებარე ტერიტორიაზე. ღვარცოფული მასის ძირითადი აკუმულირება თელავის ქვედა ნაწილში, ცალკეული ინფრასტრუქტურული ობიექტების მიმდებარედ დაფიქსირდა.
სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აგრძელებენ სტიქიის ზონის დეტალურ შესწავლას.
12 ივლისის ღამით თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგად თელავის ხევი ადიდდა. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და კავკასიონის და ალაზნის გამზირის ქუჩების ნაწილი, საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები და კომერციული ფართები დატბორა.
წყალდიდობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა თელავს, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის კუთხით. სტიქიის მასშტაბების გათვალისწინებით შეიქმნა საგანგებო შტაბიც, რომლის შემადგენლობაშიც საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. შტაბის წევრებმა ორი შეხვედრა უკვე გამართეს და სამომავლო პრევენციულ გეგმაზე შეჯერდნენ. მათი განცხდებით, სტიქია საკმაოდ მასშტაბურია, მიყენებული ზიანი სრულად შეფასდება და დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.
სტიქიიდან მეორე დღეს თელავში სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. პრობლემურ მონაკვეთებზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. ქვა-ღორღისგან გაიწმინდა კავკასიონის ქუჩა, სადაც გადაადგილება აქამდე შეუძლებელი იყო. ადიდებული თელავის ხევი კალაპოტს დაუბრუნდა და ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე აღარ ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0