კოლექტიური თავდასხმა საქართველოზე: მმართველ პარტიაში დასავლეთისადმი კრიტიკა განმარტეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს და ევროკავშირის დროშები
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2026
გამოწერა
ეუთოს რეზოლუცია ოფიციალურმა თბილისმა ქვეყნის მიმართ ორმაგი სტანდარტების კიდევ ერთ გამოვლინებად შეაფასა.
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წინააღმდეგ კოლექტიური პოლიტიკური თავდასხმები დაკავშირებულია იმასთან, რომ ქვეყანამ უარი თქვა სამხედრო კონფლიქტებში ჩართვაზე და დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მახაშვილმა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 8 ივლისის სხდომაზე „ჰააგის დეკლარაცია“ მიიღო, რომლის ერთი თავიც საქართველოს ხელისუფლებისადმი რეკომენდაციებსა და კრიტიკას ეხება. საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა და საქართველოს შესახებ ამერიკელი კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ მომზადებულ რეზოლუციას ყალბი და მიკერძოებული უწოდა. პროტესტის მიუხედავად, რეზოლუცია მიღებული იქნა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში მოცემული მოთხოვნების კომენტარისას მახაშვილმა განაცხადა, რომ ისინი არა მხოლოდ არაადეკვატურია, არამედ ეწინააღმდეგება თავად ორგანიზაციის პრინციპებს.
ამის მაგალითად მან მოიყვანა არჩევნები, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასა და წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებში ჩატარდა.
„გასული ორი წლის განმავლობაში ჩატარებული არცერთი არჩევნები — ბულგარეთში, რუმინეთში, ჩეხეთში, პოლონეთში, უნგრეთში, ისევე როგორც ალბანეთსა და მოლდოვაში — არ ყოფილა ქართულზე უკეთესი ორგანიზების, პროცესის მართვის ან თავისუფლების დონის თვალსაზრისით. პირიქით, ამ ქვეყნებში უამრავი პრობლემა იყო, თუმცა ისინი მსგავსი რეზოლუციების ან განცხადებების საგანი არ გამხდარან“, — განაცხადა დეპუტატმა.
მახაშვილის აზრით, ასეთი მიდგომა საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტების გამოყენებაზე მოწმობს.
„ნაცვლად იმისა, რომ გამხდარიყო სამხედრო კონფლიქტის მონაწილე, საქართველომ განაცხადა, რომ ის არ აპირებს ამაში ჩართვას და სურს შეინარჩუნოს საკუთარი სახელმწიფო. გარე ძალებს აქვთ განცდა, რომ საქართველო განერიდა ომებს და ცდილობს, რაღაც დამოუკიდებელ თამაშს. ეს პოლიტიკური კოლექტიური იერიშიც - ევროპარლამენტში, PACE-ში, თუ ეუთოში, სწორედ ამითაა ნაკარნახევი,
რა წერია რეზოლუციაში?
რეზოლუციის თანახმად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშებში ხაზგასმულია მნიშვნელოვანი დარღვევები.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე გამოთქვამს წუხილს შემზღუდავი კანონმდებლობის მიღების გამო, მათ შორის „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის, აქციების ჩატარების შეზღუდვებისა და ადმინისტრაციული რესურსების სისტემატური გამოყენების გამო, რაც მათი აზრით, „არათანაბარ გარემოს ქმნის, არყევს საზოგადოების ნდობას დემოკრატიული პროცესის მიმართ და ქმნის ერთპარტიულ მმართველობას".
ასამბლეა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მიერ ეუთოს ფარგლებში აღებულ ვალდებულებებზე უარი პირდაპირ აზიანებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს ყველა ქართველი „პოლიტიკური პატიმარი", გააუქმოს ან გადახედოს კანონმდებლობას, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს.
ასევე, საქართველოს მიეცემა რეკომენდაცია, დაიწყოს 2024 და 2025 წლების არჩევნების დროს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შესახებ ყველა შეტყობინების საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიება, პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები და ვენეციის კომისიასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (ODIHR) კონსულტაციით დაიწყოს რეფორმების რეალური პროცესი სასამართლო ხელისუფლებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის აღსადგენად.
ასევე, საქართველოს ურჩევენ, დაიწყოს ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე გამოძიება 2024 და 2025 წლების არჩევნების დროს ყველა საარჩევნო დარღვევის ცნობების შესახებ და პასუხისმგებელ პირებს პასუხისმგებლობა დააკისროს; დაიწყოს ნამდვილი რეფორმების პროცესი სასამართლო სისტემისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის აღსადგენად, ვენეციის კომისიასთან და ეუთო/ოდირთან კონსულტაციებით.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე მოუწოდებს ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, უარი თქვას საქართველოში ჩატარებული ნებისმიერი არჩევნების შედეგის აღიარებაზე, რომლებიც სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ არ არის აღიარებული როგორც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული და შეინარჩუნონ სიფხიზლე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების მონიტორინგისას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესია ჰააგაში 4 -8 ივლისის პერიოდში გაიმართა. ასამბლეის წევრებმა სესიის ბოლო დღეს, 8 ივლისის სხდომაზე კენჭი უყარეს „ჰააგის რეზოლუციას“, რომლის ერთი თავიც საქართველოს ხელისუფლებისადმი რეკომენდაციებსა და კრიტიკას ეხება. საქართველოს დელეგაციამ დატოვა სხდომათა დარბაზი და საქართველოს შესახებ ამერიკელი კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ მომზადებულ რეზოლუციას ყალბი და მიკერძოებული უწოდა. ქართული დელეგაციის პროტესტის მიუხედავად, ჰააგის ყოვლისმომცველი დეკლარაცია და თანმდევი რეზოლუციები მიღებული იქნა.
ყველა ახალი ამბავი
0