სამშობლოს ღალატი: პრემიერის მკვეთი რეაქცია ოპოზიციის ინიციატივაზე

© Courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2026
გამოწერა
ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ოპოზიციის ახალი ტაქტიკა ეყრდნობა გარე ზეწოლასა და სანქციების სცენარს
თბილისი, 10 ივლისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ოპოზიციური ალიანსის“ ახალ სტრატეგიას - „შიგნით აქცია, გარეთ სანქციები“ - ქვეყნის ღალატი უწოდა.
სტრატეგია „შიგნით აქცია, გარეთ სანქციები“ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გააჟღერა. მისი თქმით, ეს ერთადერთი გზაა, რომელსაც შეუძლია ქვეყანა ხელისუფლების შეცვლამდე მიიყვანოს და პარტიებმა უნდა გადაწყვიტონ, რისთვის იბრძვიან.
„ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ანუ ქვეყნის შიგნით უნდა შეკრიბო 150 კაცი იმისთვის, რომ გარეთ შექმნა ფონი მტრული საქმიანობისთვის. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა, რომლითაც იშიფრება მათი დანაშაულებრივი, ანტისახელმწიფოებრივი, მოღალატეობრივი საქმიანობა“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ასეთი განცხადებები მხოლოდ ამყარებენ სარჩელს გარკვეული ოპოზიციური პარტიების გაუქმების მოთხოვნით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა.
„ეს არის ღია, მტრული დამოკიდებულება საკუთარი ხალხის მიმართ, საკუთარი სახელმწიფოს მიმართ, საკუთარი ქვეყნის მიმართ და ამას სჭირდება სათანადო პასუხი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
2025 წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ სარჩელი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც მოითხოვა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ აკრძალვა. მოგვიანებით ამ სიას „ფედერალისტების“ პარტიაც დაემატა.
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას ხსნის იმით, რომ ამ პარტიებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მუხლის ორი პუნქტი.
პირველი ეხება „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან მის ძალადობრივ შეცვლას“. ამ ნაწილში პარტიებს ედავებიან როგორც ადამიანის უფლებების დარღვევას 2004-დან 2012 წლამდე პერიოდში, ისე პარლამენტის მუშაობის საბოტაჟის მცდელობებს 2012 წლის შემდეგ, როდესაც ისინი ოპოზიციაში აღმოჩდნენ.
მეორე — „საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“. მის დასაბუთებაში ჩართულია 2008 წლის კონფლიქტთან დაკავშირებული მოვლენები, ასევე პარტიების მოწოდებები 2022 წლიდან „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ. გარდა ამისა, პარტიებს ბრალად ედებათ უცხოური ძალის ხელშეწყობა საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში.
პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს მათი, როგორც პოლიტიკური სუბიექტების, რეგისტრაციის გაუქმებას, ხოლო მათ წევრებზე გავრცელდება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის, ასევე პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობების დაკავების აკრძალვა.
ყველა ახალი ამბავი
0