რატომ გადაწყდა ანაკლიის პორტის ახალი მოდელით აშენება - მინისტრის განმარტება

© photo: Anaklia Port / FBანაკლიის პორტის მშენებლობა
ანაკლიის პორტის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2026
გამოწერა
პროექტში მთლიანი ინვესტიცია 1.1 მილიარდ დოლარს შეადგენს და ახალი გადაწყვეტილების გამო, სახელმწიფოს დამატებით 200 მილიონი დოლარის დახარჯვა პირდაპირ ბიუჯეტიდან მოუწევს.
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ახალი ოპერირების მოდელის შერჩევა შუა დერეფნის მიმართ გაზრდილმა საერთაშორისო ინტერესმა და მზარდმა ტვირთნაკადებმა განაპირობა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
6 ივლისს, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა გადაწყვეტილება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წამყვანი კერძო ინვესტორის გარეშე აშენების შესახებ, პორტის 100%-იანი მფლობელობის შენარჩუნებით, ადრე გამოცხადებული მხოლოდ 51%-იანი წილის ნაცვლად.
„მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის გლობალური პოლიტიკის შედეგად გამოწვეული მაღალი ინტერესი შუა დერეფნის კონტექსტში. მეორე ის, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ტვირთნაკადის დინამიკა შუა დერეფანში და რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში ფაქტობრივად ყოველთვე მზარდია“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, მიმდინარე წელს ტვირთნაკადი 21%-ით არის გაზრდილი , ბოლო 4 წლის განმავლობაში 46%-ს გადააჭარბა და ყველა კატეგორიის ტვირთში საქართველოს ყველა პორტში ტვირთნაკადი გაზრდილია.
მისივე განმარტებით, შეცვლილია სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის სტრუქტურა და რეგიონის ქვეყნები დღეს ბევრად უფრო მჭიდროდ თანამშრომლობენ, რადგან შუა დერეფანი რამდენიმე ქვეყნის სინქრონულ მუშაობას გულისხმობს. საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა კი სრულ თანხვედრაშია პარტნიორ ქვეყნებთან, რათა მომდევნო 3 წელში მარშრუტის გამტარუნარიანობა 25 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.
მან ხაზი სახელმწიფოს გადაწყვეტილებების თანმიმდევრულობას კიდევ ერთხელ გაუსვა და აღნიშნა, რომ რკინიგზაში განხორციელებული ისტორიული ინვესტიცია პირდაპირ კავშირშია პორტების გამტარუნარიანობის ზრდასთან, სადაც ანაკლიის პორტს უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება. ახალი მოდელი კი, მისი თქმით, აძლიერებს ქვეყნის სუვერენიტეტს და ითვალისწინებს პარტნიორების ინტერესებს.
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. ლენდლორდის მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს, ხოლო ტერმინალები, იჯარით გადაეცემა სხვადასხვა საერთაშორისო ოპერატორებს.
მინისტრმა განმარტა, რომ ახალი მოდელით სახელმწიფოსა და კერძო სექტორის როლები მკაფიოდ არის გამიჯნული. სახელმწიფო იქნება პორტის 100%-ის მფლობელი, პორტის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობად 1.1 მილიარდი დოლარი არის განსაზღვრული, საიდანაც 350-400 მილიონი დოლარი სწორედ კერძო მოიჯარეების მიერ განსახორციელებელი ინვესტიციები იქნება. ამასთან, მარიამ ქვრივიშვილს განცხადებით, სახელმწიფო დიდ ყურადღებას დაუთმობს კერძო ინვესტორების - ქვემოიჯარეების შერჩევას.
„იქნება ეს საკონტეინერო ტერმინალი თუ იქნება ეს მშრალი და ნაყარი ტვირთების, რა თქმა უნდა, პროფილიდან და ტვირთის კატეგორიიდან გამომდინარე. ამდენად, ინვესტორებს და ოპერატორებს მოუწევთ, რომ მათ მიერ ოპერირებადი ტერმინალები თავად მოაწყონ, აღჭურვონ და სწორედ ეს იქნება დაახლოებით 350-დან 400 მილიონ დოლარამდე საჭირო ინვესტიცია, რომელიც იქნება მობილიზებული კერძო ოპერატორების მხრიდან“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ასეთი სტრატეგიული ობიექტი ყოფილიყო სახელმწიფოს საკუთრებაში, რომ სახელმწიფოს ჰქონოდა აბსოლუტურად ყველანაირი ბერკეტი იმისთვის, რომ ეროვნული ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს პორტის ოპერირების დროს, მათ შორის იქნება ეს კომერციული თუ საოპერაციო.
„მესამე, ჩვენთვის იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ მოხდეს ჩვენი მეგობარი ქვეყნების, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ინტერესების კონსოლიდაცია, მათი ტვირთების კონსოლიდაცია იმისთვის, რომ საერთო ძალისხმევით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გავხადოთ მთავარი რგოლი შუა დერეფნის კონტექსტში", - განაცხადა მარიამ ქვრივიშილმა.
პროექტში მთლიანი ინვესტიცია 1.1 მილიარდ დოლარს შეადგენს და ახალი გადაწყვეტილების გამო, სახელმწიფოს დამატებით 200 მილიონი დოლარის დახარჯვა პირდაპირ ბიუჯეტიდან მოუწევს. მინისტრის თქმით, სახელმწიფო ამ თანხის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას (დაღრმავება, ტალღმჭრელის პროექტირება და მშენებლობა) უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, საზღვაო სამუშაოები 3 წლის შემდეგ დასრულდება.
როგორც ხელისუფლებაში განაცხადეს, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველ ეტაპზე ჯამში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, ხოლო ამ ეტაპის დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.
ადრე ხელისუფლება აცხადებდა, რომ ანაკლიის პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს.
ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited & China Harbour Investment Pte. Ltd. ერთადერთი კომპანია გახდა, რომელიც ანაკლიის პორტის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა.
საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მასთან ხელშეკრულებას ხელი არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა მოეწერება, თუმცა მოლაპარაკებები ინვესტორთან დღემდე გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0