ყაველაშვილი ჟენევაში WTO-ს გენერალურ დირექტორს შეხვდა: რა განიხილეს მხარეებმა

© Courtesy of the President of Georgiaმიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2026
გამოწერა
პრეზიდენტმა დაადასტურა ქვეყნის მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან.
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) გენერალურ დირექტორს, ნგოზი ოკონჯო-ივეალას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ყაველაშვილი ჟენევაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობა მიიღო „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის არსებული თანამშრომლობა და საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში მიმდინარე პროცესები განიხილეს.
„ყურადღება დაეთმო საქართველოს მიერ WTO-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორციელებას, ეკონომიკური რეფორმების პროცესსა და მულტილატერალური სავაჭრო სისტემის განვითარების მნიშვნელობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს 26-წლიანმა წევრობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკურ მოდერნიზებაში, სავაჭრო პოლიტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებასა და ინვესტიციებისთვის პროგნოზირებადი გარემოს ჩამოყალიბებაში.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და „შუა დერეფნის" მზარდ მნიშვნელობაზე.
„აღინიშნა, რომ ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები და ინფრასტრუქტურული განვითარება კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს როლს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა დაადასტურა ქვეყნის მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და მხარი დაუჭიროს თავისუფალ, სამართლიან და წესებზე დაფუძნებული მრავალმხრივი საერთაშორისო სავაჭრო სისტემის განმტკიცებას.
საქართველო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) 137-ე სრულუფლებიანი წევრი 2000 წლის 14 ივნისს გახდა. ორგანიზაციაში გაწევრიანებამ ქვეყანას მისცა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ღია, ლიბერალური სავაჭრო გარემო და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის ეკონომიკურ განვითარებაში.
ყველა ახალი ამბავი
0