9 ივლისიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე მუნდიალის მატჩების ტრანსლირება გაიმართება

© AP Photo / Ariel Schalitლიონელ მესი
ლიონელ მესი - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2026
გამოწერა
პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე მატჩების ღია ჩვენება სტარტს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის დაწყებისთანავე აიღებს. გულშემატკივარი მეოთხედფინალებიდან ფინალის ჩათვლით, ყველა მატჩს დიდ ეკრანზე იხილავს.
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. პირველი რესპუბლიკის მოედანზე ხვალიდან, 9 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით პერიოდში მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების საჯარო ჩვენება მოეწყობა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისს დაიწყო და 19 ივლისამდე გასტანს. ჩემპიონატს ისტორიაში პირველად ერთობლივად სამი ქვეყანა — აშშ, კანადა და მექსიკა მასპინძლობს - მატჩები 16 სხვადასხვა ქალაქში ტარდება.
„სასიამოვნო სიახლე გვაქვს ფეხბურთის მოყვარულებისთვის. ჩვენ მთავრობის რამდენიმე სხდომის წინ უკვე ვთქვით, რომ პირველი რესპუბლიკის მოედანზე დავამონტაჟებდით დიდ ეკრანს, სადაც გულშემატკივრებს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ნახვა შეეძლებოდათ. ასევე დაგეგმილია ფანზონის მოწყობა“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, 9 ივლისს, 21:00 საათიდან ტერიტორიაზე მისულ გულშემატკივარს მატჩების ჩვენებამდე სხვადასხვა აქტივობა დახვდება, რომელიც დანარჩენ დღეებში სტარტს თამაშის დაწყებამდე ოთხი საათით ადრე აიღებს.
„გარდა ამისა, ფეხბურთის ფედერაციის ჩართულობით, 10 დღის განმავლობაში ქართული ფეხბურთის ლეგენდები ესტუმრებიან პირველი რესპუბლიკის მოედანს, სადაც გაიმართება ღია საუბრები მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის და ფეხბურთის შესახებ. ყველას გეპატიჟებით. წინ ძალიან საინტერესო სანახაობა გველოდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მერიის ინფორმაციით, იმ თარიღებში, როდესაც შეხვედრის ტრანსლირება არ იქნება, მოქალაქეებს 19:00 საათიდან ტერიტორიაზე განთავსებული მრავალფეროვანი სასმელისა და კვების ობიექტები, მოსასვენებელი სივრცეები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფანშოპი, საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაციის ინტერაქციული ზონა დახვდება, პატარა გულშემატკივრებისთვის კი ცალკე გამოყოფილ ზონაში ყოველდღიურად საბავშვო-თემატური აქტივობები და გათამაშებები გაიმართება.
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით პირველი რესპუბლიკის მოედანზე საავტომობილო მოძრაობა 7 ივლისის 23:00 საათიდან 21 ივლისის 08:00 საათამდე სრულად შეზღუდულია.
აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპი გუშინ დასრულდა. სამშაბათს გამართული ბოლო მატჩების შემდეგ, მეოთხედფინალის ყველა მონაწილე და მათი სატურნირო ბადე საბოლოოდ დაკომპლექტდა.
მეოთხედფინალური წყვილების შემადგენლობა ასეთია:
საფრანგეთი - მაროკო (9 ივლისი, ბოსტონი)
ესპანეთი - ბელგია (10 ივლისი, ლოს-ანჯელესი)
ნორვეგია - ინგლისი (11 ივლისი, მაიამი)
არგენტინა - შვეიცარია (11 ივლისი, კანზას-სიტი).
ყველა ახალი ამბავი
0