ყაველაშვილი ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების ინიციატივით გამოდის

© Courtesy of Mikheil Kavelashvili მიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2026
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა შეთანხმებული საერთაშორისო წესების საფუძველზე ხელოვნური ინტელექტის განვითარების აუცილებლობას.
ყაველაშვილმა ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებისკენ მოუწოდა
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმ ფორმატის გლობალურ დიალოგში მონაწილეობა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის შესახებ ინკლუზიური თანამშრომლობის განვითარებას უწყობს ხელს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟენევაში „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ" გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოსვლისას.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ყაველაშვილმა ყურადღება გაამახვილა ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების ფონზე საერთაშორისო თანამშრომლობისა და ეფექტიანი გლობალური მმართველობის მნიშვნელობაზე.
მისი განცხადებით, ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს არა მხოლოდ ტექნოლოგიურ პროგრესს, არამედ მნიშვნელოვან პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გამოწვევას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის კოორდინირებულ მიდგომას საჭიროებს.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ხელოვნური ინტელექტის მომავალი თაობების სამსახურში დაყენება და ეგზისტენციალური რისკების ეფექტიანი პრევენცია გადამწყვეტია უსაფრთხო, ინკლუზიური და მდგრადი ციფრული მომავლის ფორმირებისთვის.
„ჩვენი უპირველესი ამოცანაა ამ ციფრული სისტემების ადამიანურ ღირებულებებთან შესაბამისობაში მოყვანა, რათა ხელოვნური ინტელექტი გახდეს ადამიანური პოტენციალის გაფართოების, ინოვაციებისა და კაცობრიობის პროგრესის კატალიზატორი", – განაცხადა ყაველაშვილმა.
პრეზიდენტმა დასძინა, რომ ხელოვნური ინტელექტი უნდა იქცეს სამყაროს შემეცნებისა და უდიდესი სამეცნიერო გარღვევების ინსტრუმენტად, რომელსაც შეუძლია, გარდატეხა მოახდინოს მედიცინაში, ბიოლოგიაში, კვანტურ ფიზიკაში, დაძლიოს აქამდე განუკურნებელი დაავადებები, აღმოფხვრას სიღარიბე, ეფექტიანად უპასუხოს კლიმატურ გამოწვევებს და გადაჭრას კაცობრიობის წინაშე მდგარი ყველაზე რთული ფილოსოფიური კითხვები.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ამ შესაძლებლობების სრულად გამოყენება მხოლოდ ფართო თანამშრომლობის პირობებშია შესაძლებელი.
„ხელოვნური ინტელექტი უნდა იყოს ადამიანის პარტნიორი სამყაროს საიდუმლოებების შეცნობაში. ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია თვისობრივად ახალ დონეზე ავიყვანოთ საერთაშორისო თანამშრომლობა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმ ფორმატის გლობალურ დიალოგში მონაწილეობა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის შესახებ ინკლუზიური თანამშრომლობის განვითარებას უწყობს ხელს.
მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ კონფერენციაში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო მმართველობის სისტემებში. საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა რეფორმებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.
ყველა ახალი ამბავი
0