ლენდლორდ-პორტი: ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ახალი კონცეფციით ააშენებენ

© photo: Anaklia Port / FBანაკლია
ანაკლია - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2026
გამოწერა
ახალი მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, როგორც ადრე იყო დაგეგმილი, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსა და კომპანიასთან პარტნიორობით
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. ლენდლორდის მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბრიფინგზე.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, საზღვაო სამუშაოები 3 წლის შემდეგ დასრულდება.
„ლენდლორდის“ მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, როგორც ადრე იყო დაგეგმილი, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსა და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც პორტში ტვირთების მოზიდვისა და, შესაბამისად, მისი მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საუკეთესო პირობებს შექმნის", - განაცხადა ქვრივიშვილმა.
როგორც ქვრივიშვილმა განმარტა, „ლენდლორდის“ მოდელი გულისხმობს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება პორტის წილების 100%, ხოლო ტერმინალები, რომლებიც მის ტერიტორიაზე აშენდება და განკუთვნილია როგორც მშრალი, ისე კონტეინერული ტვირთისთვის, იჯარით გადაეცემა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს.
მინისტრის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მთავარ მიზანს - პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით ანაკლიის პორტი საერთაშორისო ინტერესების, კაპიტალისა და ტვირთნაკადების თავმოყრის ცენტრად ჩამოყალიბდეს.
„საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად სახელმწიფო უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობას, ხოლო საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალების მოწყობისათვის საჭირო ინვესტიციებს საერთაშორისო ინვესტორები და კერძო ოპერატორები განახორციელებენ", - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, მისი თქმით, საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულად მიესალმება ანაკლიის პორტში „შუა დერეფნის" მონაწილე ქვეყნებიდან – ჩინეთიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელებულ ინვესტიციებს.
როგორც ხელისუფლებაში განაცხადეს, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველ ეტაპზე ჯამში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, ხოლო ამ ეტაპის დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.
ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited & China Harbour Investment Pte. Ltd. ერთადერთი კომპანია გახდა, რომელიც ანაკლიის პორტის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მასთან ხელშეკრულებას ხელი არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა მოეწერება, თუმცა მოლაპარაკებები ინვესტორთან დღემდე გრძელდება.
ანაკლიის პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს.
ყველა ახალი ამბავი
0