მასშტაბური გარემოსდაცვითი პროექტი „თბილისის ურბანული ტყე“ დასრულების ეტაპზეა

© Sputnik / Alexander Imedashviliმთაწმინდა
მთაწმინდა - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2026
გამოწერა
პროექტის მიზანი დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჰაერის ხარისხის დაცვა, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და მოქალაქეებისთვის ბუნებასთან ახლოს, უსაფრთხო და კომფორტული სარეკრეაციო სივრცის შექმნაა.
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. „თბილისის ურბანული ტყის“ პროექტის შედეგებს ჩვენი შვილები და შვილიშვილები მოიმკიან, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირინე დანელიამ.
მასშტაბური გარემოსდაცვითი პროექტი „თბილისის ურბანული ტყე“, რომელიც დედაქალაქის მერიასა და ფონდ „ქართუს" შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება, 2020 წელს დაიწყო. აღნიშნული პროექტი, რომელიც დედაქალაქში მწვანე სივრცეების გაფართოებასა და დაზიანებული ტყის აღდგენას ისახავს მიზნად, დასრულების ეტაპზეა.
პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში პირველივე ეტაპიდან აქტიურად იყვნენ ჩართული დარგის ექსპერტები და სპეციალისტები, რომლებიც ექვსი წლის განმავლობაში სამუშაოებს პროფესიულად უწევდნენ ზედამხედველობასა და შეფასებას. სპეციალისტების შეფასებით, ჩატარებული სამუშაოები ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
„ის, რაც ამ პროექტის ფარგლებში გაკეთდა, იქნება ჩვენი შვილების, შვილიშვილების სანახავი და ისინი მოიმკიან ამ პროექტის შედეგებს“, - განაცხადა დანელიამ მთაწმინდის ფერდზე ჩატარებული სამუშაოების გაცნობისას.
ამ დროისთვის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს ტერიტორიის კეთილმოწყობა და ინფრასტრუქტურის სრულყოფა.
„თბილისის ურბანული ტყე“ მთაწმინდის, ნარიყალას, სოლოლაკის, ვერის, ბაგების, წავკისისა და ოქროყანის ტყის მასივებს აერთიანებს. პროექტის ფარგლებში უკვე აღდგა 700 ჰექტარამდე ტერიტორია, მოეწყო და განახლდა 45 კმ-მდე საფეხმავლო და ველობილიკი, მათ შორის, 20 კმ-მდე ახალი ბილიკი, ასევე, დასასვენებელი და საპიკნიკე სივრცეები. დაირგო 700 ათასამდე ხე-მცენარე.
თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის მიმდინარეობისას მოიჭრა 52 000 გამხმარი ხე, მოეწყო ოთხი ჭაბურღილი, რომელიც 200 ჰექტარამდე ტერიტორიას სარწყავი სისტემით ამარაგებს. ასევე, რეკრეაციული მიზნებისთვის მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა, ძელსკამები, გადმოსახედები, მოსასვენებელი პავილიონები, თავშესაფრები და ფრინველებზე დაკვირვების ქოხი. შედეგად, ბილიკებზე მოსეირნე მოქალაქეებს ფრინველებზე დაკვირვების შესაძლებლობა აქვთ.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ „თბილისის ურბანული ტყე“ დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მწვანე და რეკრეაციულ სივრცედ ჩამოყალიბდება, რომელიც ერთდროულად ეკოლოგიურ, ტურისტულ და დასასვენებელ ფუნქციას შეითავსებს.
ყველა ახალი ამბავი
0