რამდენი ავტომობილის მფლობელი დაჯარიმდა გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურებისთვის

© Sputnik / Alexander Imedashviliგამონაბოლქვი
გამონაბოლქვი - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2026
გამოწერა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ეკიპაჟები სატრანსპორტო საშუალებებს გზაზე შერჩევით აჩერებენ.
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში ოთხ ქალაქში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 4575 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, 2699 სამართალდარღვევა გამოვლენილია თბილისში, 821 - ბათუმში, 694 - ქუთაისში, 361- რუსთავში.
3982 სამართალდარღვევა ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 593 შემთხვევაში კი დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
2634 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 1837 - მიკროავტობუსების, 101 სატვირთო ავტომობილების, 3 კი ავტობუსების მძღოლების/მფლობელების მიერაა ჩადენილი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარატამენტი ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი - გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილულ გამონაბოლქვს 2023 წლის სექტემბრიდან ამოწმებს.
უწყების განცხადებით, ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, დეპარტამენტმა ამ მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერების პროცესი დაიწყო - გაიზარდა ეკიპაჟების რაოდენობა, შეძენილ იქნა ჰიბრიდული ავტომობილები, ეკიპაჟები აღჭურვილია შესაბამისი გამზომი ხელსაწყოებით, პერიოდულად ხდება თანამშრომლების გადამზადება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ეკიპაჟები სატრანსპორტო საშუალებებს გზაზე შერჩევით აჩერებენ. კონკრეტული ავტომობილის გამონაბოლქვის შემოწმება სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით ხორციელდება.
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილებების თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა, შესაბამისად, 500, 1500 და 3000 ლარია.
ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის - www.videos.police.ge საშუალებით.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის გარდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით სხვა არაერთ ღონისძიებას ახორციელებს: რეგულარულად ტარდება ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის შემოწმება, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას.
ყველა ახალი ამბავი
0