ლენტეხში ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

© Ministry of Internal Affairs of Georgiaხის მასალა
ხის მასალა - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2026
გამოწერა
2025 წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა.
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ლენტეხის მუნიციპალიტეტში ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სატყეო სამსახურის ცნობით, სამართალდამრღვევმა წიწვოვანი სახეობის 6 კუბურ მეტრამდე სამასალე მერქნის წარმოშობის დოკუმენტაცია გააყალბა (სპეციალური ფირნიში გამოიყენა განმეორებით) ხოლო, შემდეგ რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე დაასაწყობა.
მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება, ხოლო უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი შემდგომი განკარგვის მიზნით გადატანილია ლენტეხის საქმიან ეზოში.
ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებაში.
"ეროვნული სატყეო სააგენტო სრულადაა აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით. ასევე სატყეო რეფორმის ფარგლებში სააგენტოს 401 ახალი თანამშრომელი დაემატება, რომლებიც კონკრეტულ სამცველოებზე უსაფრთხოებასა და წესრიგს გააკონტროლებენ. ყველა ეს ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტები", - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა.
უკანონო ტყეთსარგებლობასთან ბრძოლა
2025 წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.
კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0