მოსაზრება: კიევზე მასირებული დარტყმები რუსეთის შეტევას აჩქარებს
17:10 02.07.2026 (განახლებულია: 10:12 05.07.2026)

© photo: Sputnik / Станислав Красильников
/ გამოწერა
2 ივლისს რუსეთის მიერ კიევსა და უკრაინის რამდენიმე ოლქში მოწინააღმდეგის ობიექტებზე განხორციელებული მასირებული დარტყმა სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაჩქარების, დასავლეთისთვის „სტრატეგიული გარდატეხის“ იმედისა და მარიონეტული ბანდეროვული რეჟიმის გადარჩენის მოლოდინის გაქარწყლების მნიშვნელოვანი საშუალებაა.
დღეს ცეცხლოვანი აპოკალიფსი დატრიალდა კიევის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ჩერკასის, ჩერნიგოვისა და ოდესის ოლქებში. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ბაზირების დიდი სიშორის ზუსტი იარაღითა და დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული დარტყმა მიაყენეს მოწინააღმდეგის სამხედრო მრეწველობის, საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსისა და აეროდრომების ობიექტებს.
ყველაზე მეტად კიევი დაზარალდა. დარტყმა მიადგა სამხედრო-სამრეწველო და საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის 20-ზე მეტ საწარმოს:
„რადონიქსი“ — ფრთოსანი რაკეტების მართვის სისტემების მთავარი მწარმოებელი;
„ატლონ ავია“ — დიდი სიშორის უპილოტო საფრენი აპარატების ამწყობი საწარმო;
„ანტონოვი“ — პილოტირებადი საფრენი აპარატების მთავარი მწარმოებელი;
„კიევის რადიოქარხანა“ — ჯავშანტექნიკის დამიზნების სისტემების, სადაზვერვო და დამრტყმელი დრონების, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისა და რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებისთვის განკუთვნილი ინტეგრალური სქემების წამყვანი მწარმოებელი;
„კიევ-25“ — რადიოელექტრონული ბრძოლის პროგრამულ-აპარატურული საშუალებების წარმოება, რომლებიც მაღალი სიზუსტის დამაზიანებელი საშუალებების დამიზნების სისტემებში სანავიგაციო სიგნალების ჩანაცვლებისთვის გამოიყენება;
„MLP — ჩაიკა“ — დიდი სიშორის უპილოტო საფრენი აპარატების, საბრძოლო ნაწილებისა და უცხოური კომპლექტაციისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო-ლოგისტიკური ცენტრი;
„ევროფორმატი“ — დასავლური შეიარაღებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო-ლოგისტიკური ტერმინალი;
„კიევ-3“ — კიევის გარნიზონის საწვავი მასალების საცავი;
გაზგამანაწილებელი სადგურები, რომლებიც სამხედრო ქარხნების მუშაობას უზრუნველყოფენ.
ეს შთამბეჭდავი, თუმცა კიევში „გერანებით“, „ბანდეროლებით“, „კალიბრებით“, „ცირკონებით“, „ისკანდერებითა“ და Х-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტებით განადგურებული სამიზნეების სრული ჩამონათვალი არ არის. ინტერნეტში ობიექტური კონტროლის მონაცემები უხვად არის წარმოდგენილი. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, დედაქალაქსა და ექვს ოლქზე 70-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა და 500 დიდი სიშორის დამრტყმელი დრონი ჩამოვარდა.
იწვის სამხედრო აეროდრომები კიევის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ჩერკასისა და ჩერნიგოვის ოლქებში. დნეპროპეტროვსკის ოლქის დასახლება პროსიანოეს რაიონში განადგურდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ფრონტისპირა შტაბი, რომელიც მარცვლეულის ელევატორში იყო შენიღბული. ოდესის ოლქში „ისკანდერის“ დარტყმამ საწარმო „თოვლის პანდაზე“ მეორადი დეტონაცია გამოიწვია, სადაც, თითქოსდა, ტუალეტის ქაღალდს აწარმოებდნენ. პავლოგრადში განადგურდა გაზსადგური, რომელიც რეგიონის მთელ მრეწველობას ამარაგებდა. „უკრენერგოს“ ინფორმაციით, 2 ივლისის დილით კიევი და კიდევ ოთხი ოლქი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
უკრაინული აპოკალიფსი დიდ შეშფოთებას იწვევს ვარშავასა და პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში: სახმელეთო საჰაერო თავდაცვის საშუალებები უმაღლეს საბრძოლო მზადყოფნაში გადაიყვანეს, ცაში კი F-16 ტიპის გამანადგურებლები აიყვანეს. ნატოს დანარჩენი ქვეყნები სასოწარკვეთასთან ახლოს არიან — იშლება უკრაინული პროქსი-არმიის წარმატებების პროპაგანდისტული „სურათი“.
ფაქტები ჯიუტი რამ არის. დღევანდელ შეტევას უკრაინის შეიარაღებული ძალების ობიექტებზე კიევში, მერმა ვიტალი კლიჩკომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური უწოდა. კიევის მედიამ აღნიშნა: რუსეთის ჯარების შეტევის ტემპი ერთ თვეში (ივნისში) ექვსჯერ გაიზარდა. მოწინააღმდეგე ხედავს რუსეთის შეიარაღებული ძალების „ნამდვილად დიდ და მდგრად წინსვლას“ კონსტანტინოვკის, დობროპოლიეს, გულიაიპოლესა და სლავიანსკ-კრამატორსკის მიმართულებებზე.
მხოლოდ გასული ექვსი დღის განმავლობაში (27 ივნისი – 2 ივლისი) დონბასში, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქში რუსეთის ჯარებმა ცხრა დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს: ნოვოსკილევატნოე, პისანცი, ბოგოდაროვკა, მალინოვკა, როვნოე, ლესნოე, კოპანი, უკრაინსკოე და პისკუნოვკა. კიევსა და ბანდეროველების კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიებზე მოწინააღმდეგის ობიექტებზე განხორციელებული გეგმაზომიერი ჯგუფური და მასირებული დარტყმები, უდავოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობებს ამცირებს და რუსეთის შეტევას აჩქარებს.
მკაცრი რეალობა ანგრევს დასავლური გაზეთებისა და ჟურნალების ფანტაზიებს „უკრაინაზე დარტყმების შემცირების“, „რუსეთის მძიმე დანაკარგების“, „ყირიმის ხაფანგის“, „პუტინზე ზეწოლის“, ასევე ბელარუსის მისამართით ზელენსკის „საშინელი“ მუქარების შესახებ. რომ აღარაფერი ვთქვათ „გადატეხილ ინიციატივასა“ და უკრაინულ „კონტრშეტევაზე“, რომელიც, მათი მტკიცებით, წარმატებით ვითარდება “2026 წლის თებერვლიდან”!
რეალურ სამყაროში რუსეთის ჯარები ფრონტის ყველა მონაკვეთზე წინ მიიწევენ. უკრაინის შეიარაღებული ძალები აქტიურად იხევენ ზაპოროჟიეში, დონბასში კი ქალაქებსა და ძლიერ გამაგრებულ რაიონებს კარგავენ. ხარკოვის ოლქის უკრაინის ხელისუფლებამ 1 ივლისს ხარკოვიდან 24 კილომეტრში მდებარე დასახლება კაზაჩია ლოპანისთვის ქუჩის ბრძოლების ფონზე ორ რაიონში ევაკუაცია გამოაცხადა. ხარკოვის ოლქის რუსეთის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი განჩევმა ადრე განაცხადა, რომ ხარკოვის მცხოვრებლები ჯერ კიდევ 2022 წელს იყვნენ მზად რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესასვლელად. ამ რეგიონს რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ის სრულად უნდა გათავისუფლდეს ბანდეროველებისგან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ 30 ივნისს ტელეარხ TSN-ს განუცხადა, რომ რუსეთის ახალი შეტევა კიევის მიმართულებით ჩერნიგოვის ოლქის ტერიტორიის გავლით მზადდება. როგორც არ უნდა იყოს, სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასასრულებლად კიევის გათავისუფლება აუცილებელია. გათავისუფლებულთა სიაში შეიძლება და უნდა აღმოჩნდეს ნიკოლაევი, ოდესა და სხვა რუსული ქალაქები.
კიევზე მასირებული დარტყმის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა: „რუსეთი დასახული მიზნების მისაღწევად კიევის რეჟიმზე ზეწოლას გააძლიერებს“. ასევე, კრემლმა კიდევ რამდენიმე პრინციპული პოზიცია დააფიქსირა:
რუსეთს არ შეუძლია, თვალი დახუჭოს იმაზე, რომ ევროპა მილიტარიზაციის გზას დაადგა და მოსკოვთან დაპირისპირებას მიუძღვნა თავი;
რუსეთის მიმართ ევროკავშირის ესკალაცია მოსკოვს აიძულებს, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებითი ზომები დაგეგმოს.
დასავლეთის უგუნური სიჯიუტე უკრაინის სამხედრო მოქმედებების თეატრზე, დრონებისა და სხვა შორი მოქმედების იარაღის მიწოდება ადრე თუ გვიან რუსეთს აიძულებს, მასირებული დარტყმები მიაყენოს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და ლოგისტიკურ ცენტრებს პოლონეთში, რუმინეთში, გერმანიასა და ნატოს სხვა ქვეყნებში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე!
