საქართველო და უზბეკეთი განვითარების ერთწლიან გეგმას მოაწერენ ხელს

© Sputnik / Павел Лисицын
გამოწერა
1-ელ ივლისს საქართველოს დედაქალაქში უზბეკი და ქართველი მეწარმეების მონაწილეობით მასშტაბური ბიზნეს-ფორუმი გაიმართა
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოსა და უზბეკეთის მთავრობები 2 ივლისს უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიიოევის თბილისში დაგეგმილი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ერთწლიან განვითარების გეგმას მოაწერენ ხელს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს-ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
1-ელ ივლისს საქართველოს დედაქალაქში უზბეკი და ქართველი მეწარმეების მონაწილეობით მასშტაბური ბიზნეს-ფორუმი გაიმართა - ღონისძიების მიზანია სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარება, საინვესტიციო სფეროში აზრთა აქტიური გაზიარება, ასევე საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოება.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ერთობლივად მოვაწერთ ხელს ერთწლიან განვითარების გეგმას, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნების დაკავშირებადობას. ამ გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი ეძღვნება იმას, თუ როგორ გავზარდოთ ვაჭრობა, გავაძლიეროთ სატრანსპორტო-ლოჯისტიკური სექტორი, განვავითაროთ მასპინძლობის სექტორი და წავახალისოთ სხვა სახის ინვესტიციები შესაბამის სფეროებში“, — განაცხადა ქვრივიშვილმა.
ბიზნეს-ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ქვრივიშვილმა ასევე ისაუბრა რეგიონულ დაკავშირებადობასა და ამ კონტექსტში სატრანსპორტო-ლოჯისტიკური სექტორის განვითარების მნიშვნელობაზე. მინისტრმა ორ ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო საქართველოში ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სფეროში მიმდინარე სტრატეგიული პროექტები.
ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ სექტორებში 2032 წლისთვის დაახლოებით 7 მლრდ დოლარის ინვესტირებას გეგმავს, რაც გულისხმობს ავტომაგისტრალებისა და გზების მოდერნიზაციასა და მშენებლობას, საქართველოს ყველაზე სტრატეგიული პროექტის — ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, ასევე საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციას, რაც მოიცავს დაახლოებით 45 ახალი ლოკომოტივისა და 1,5 ათასამდე ვაგონის დამატებას.
„ჩვენ ასევე ვაშენებთ ახალ საერთაშორისო აეროპორტს დედაქალაქში, რომლის გამტარუნარიანობაც 20 მილიონი მგზავრი იქნება“, — განაცხადა მინისტრმა.
ქვრივიშვილის აზრით, ამ პროექტების განვითარება უზრუნველყოფს ტვირთბრუნვის გაზრდას, განსაკუთრებით „შუა დერეფანში".
როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველო აგრძელებს მასშტაბური ინვესტიციების განხორციელებას არა მხოლოდ იმისთვის, რომ მეტი ტვირთის გადაზიდვა შეძლოს, არამედ იმისთვისაც, რომ მოახდინოს ტრანსფორმაცია და შეცვალოს საკუთარი პოზიციონირება: იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო და ლოჯისტიკური კვანძი, არამედ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ტვირთების აკუმულირება, პროდუქციის წარმოება და თავისი პარტნიორი ქვეყნებისთვის საიმედო მოკავშირედ დარჩენა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირების საკითხში.
„მთლიანობაში, სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ სექტორში დინამიკა უაღრესად იმედისმომცემია. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი პარტნიორობა და კავშირები, განსაკუთრებით ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, უზრუნველყოფს უშუალოდ ტვირთბრუნვის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სტატისტიკურ მაჩვენებელს“, — აღნიშნა ქვრივიშვილმა.
„შუა დერეფნის“ ფარგლებში თანამშრომლობაზე საუბრისას, ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა როგორც საკონტეინერო, ისე ნაყარი ტვირთების ტრანსპორტირების საკითხს და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს მზადყოფნას, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ უზბეკეთი იზრდება, ყაზახეთი იზრდება, აზერბაიჯანი იზრდება და ჩვენც ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ვიზრდებით. სწორედ ამიტომ არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენს საბაზისო ინფრასტრუქტურაში ინვესტირება უკვე დღესვე დავიწყოთ, რათა ბიზნესის წარმომადგენლებმა მეტი ტვირთის გადაზიდვა შეძლონ“, — განაცხადა მან.
მისი თქმით, ეს კეთდება იმისთვის, რომ რეგიონი და მთლიანობაში „შუა დერეფანი" გახდეს არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი, არამედ მთავარი და ყველაზე საიმედო მარშრუტი.
თბილისში მიმდინარე საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს-ფორუმში უზბეკეთის 60-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს — სამშენებლო, ლოჯისტიკური, სოფლის მეურნეობის, სამედიცინო და ფარმაცევტული, ტექსტილისა და სხვა წამყვანი დარგებიდან. ფორუმზე საქართველოდან წარმოდგენილია დაახლოებით 250 კომპანია. ღონისძიების ფარგლებში ორ ქვეყნის მეწარმეებს შორის B2B შეხვედრები გაიმართება.
საქართველომ და უზბეკეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის აგვისტოში დაამყარეს. ამ წლების განმავლობაში საქართველოში საელჩო არ გახსნილა. ქვეყანას აზერბაიჯანში უზბეკეთის საელჩო ფარავს. ამავდროულად, ტაშკენტში საქართველოს საელჩო მოქმედებს.
ბოლო წლებში უზბეკეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები სტაბილურ ზრდას აჩვენებს. 2017-2025 წლებში საქონელბრუნვა სამჯერ გაიზარდა — 89 მილიონიდან 267,6 მილიონ დოლარამდე.