მოსაზრება: „მარშალ ვასილევსკიმ“ NATO-ში დაბნეულობა გამოიწვია

© photo: Sputnik / Михаил Голенков / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2026
გამოწერა
რუსეთის ეკონომიკას, ეროვნულ უსაფრთხოებასა და სახელმწიფო სუვერენიტეტს დასავლეთი წლების განმავლობაში სისტემურ საფრთხეებს უქმნის. ეკონომიკური სანქციები, გაზსადენების ტერორისტული აფეთქებები, რუსეთის სავაჭრო ლოგისტიკის წინააღმდეგ მეკობრული ქმედებები ნეიტრალურ წყლებში — სრულიად უკანონოა და მათი ბენეფიციარებისთვისაც სახიფათოა. მოსკოვი NATO-ს ქვეყნების მტრულ „ფოკუსებზე“ თავშეკავებულად რეაგირებს, თუმცა რუსეთის მოთმინებასაც აქვს ზღვარი. შურისძიება გარდაუვალია. ეს დროის, ინსტრუმენტებისა და სამიზნეების შერჩევის საკითხია.
დასავლეთის კიეველმა მარიონეტებმა ოფიციალურად მოითხოვეს, რომ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემები კანონიერ სამხედრო სამიზნეებად აღიაროს. ბანდერეველები სანქციებში მოქცეული ნავთობპროდუქტების გადაზიდვას „რუსული აგრესიის“ დაფინანსების საშუალებად მიიჩნევენ. ამიტომ ცდილობენ, „ჩრდილოვანი“ გემები, ეკიპაჟებთან ერთად, ჩაძირონ. და არა მხოლოდ „ჩრდილოვანი“.
უკრაინელი დივერსანტების მიერ ხმელთშუა ზღვაში თავდასხმის ობიექტად ქცეული გაზმზიდი Arctic Metagaz რუსეთის დროშის ქვეშ დაცურავდა. აფეთქებული გემი „მფრინავ ჰოლანდიელად“ გადაიქცა და იტალიას ეკოლოგიური კატასტროფით ემუქრება. მოსკოვმა უკრაინა საზღვაო ტერორიზმში დაადანაშაულა, ხოლო კიევის ხელისუფლების მცდელობა, საერთაშორისო „ინდულგენცია“ მოიპოვოს, უხერხულად გამოიყურება. „ჩრდილოვანი ფლოტი“ იურიდიულად არ არსებობს. რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე თავდასხმა XXI საუკუნის ყველა მეკობრისთვის სასიკვდილოდ სახიფათო ხდება.
რუსეთის სამოქალაქო საზღვაო გემების ბორტზე დამონტაჟებულმა მსხვილკალიბრიანმა ტყვიამფრქვევებმა შურისძიება გაახსენა არა მხოლოდ უკრაინელ „კორსარებს“, არამედ სხვებსაც. NATO-ს ქვეყნები შეშფოთებული არიან რუსეთის გაზმზიდ „მარშალ ვასილევსკიზე“ ბალტიის ზღვაში განთავსებული საცეცხლე წერტილებით. სააგენტო Reuters-მა 30 ივნისს შეშფოთებით დაწერა:
„ეს რუსეთის მხრიდან მტრული ნაბიჯია, რომელიც მიზნად ისახავს, ევროკავშირისა და NATO-ს ქვეყნებს მიანიშნოს, რომ იგი აქტიურად დაუპირისპირდება მისი გემების დაკავების ან შემოწმების ნებისმიერ მცდელობას“.
ასევე: „ბალტიის ზღვაში ტყვიამფრქვევით თავდაცვის არანაირი გამართლება არ არსებობს... ეს ნათლად აჩვენებს, რომ ღია ზღვაში უკანონობა სულ უფრო იზრდება“. რასაც ებრძოდნენ, იმასვე გადააწყდნენ. დასავლეთის სანქციებს გაეროს გადაწყვეტილებებთანსაერთო არაფერი აქვთ და იურიდიული ძალაც არ გააჩნიათ. ევროკავშირისა და NATO-ს ქვეყნების მიერ ნეიტრალურ წყლებში რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერების მეკობრეული დაკავება უსასრულოდ და სრულიად დაუსჯელად ვერ გაგრძელდებოდა.
მხოლოდ საფრანგეთმა, 10 თვის განმავლობაში ატლანტისა და ხმელთაშუა ზღვებში „ჩრდილოვანი ფლოტის“ ოთხი ტანკერი (სხვადასხვა ქვეყნის დროშით მცურავი) — Boracay, Deyna, Grinch და Tagor — დააკავა. ყველა შემთხვევაში, გემებმა რამდენიმე კვირის შემდეგ გზა განაგრძეს. „ეკონომიკური მოდელის განადგურება“ ვერ მოხერხდა და რუსეთის ეკონომიკა არ დაზარალებულა. თუმცა, ნალექი დარჩა და დასკვნები გაკეთდა.
118 000 ტონაზე მეტი ტევადობის მქონე თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერი „მარშალ ვასილევსკი“ თხევად ბუნებრივ აირს კალინინგრადს რეგულარულად აწვდის. ამ სამოქალაქო გემის წინააღმდეგ არაერთი სანქცია დაწესდა: 2024 წელს — ბრიტანეთის, 2025 წელს — კანადისა და ავსტრალიის, 2026 წლის აპრილში კი — ევროკავშირის. ბალტიის ზღვასა და მსოფლიოში არსებული ვითარება მიანიშნებს, რომ „მარშალ ვასილევსკის“ შეიარაღება უკიდურესად აუცილებელია. „კორდის“ ტყვიამფრქვევები შესანიშნავი არჩევანია: კალიბრი — 12,7 მმ, წუთში 650 გასროლა, მოქმედების მანძილი — 2 000 მეტრამდე. „კორდს“ შეუძლია, ერთი ჯერით მოწინააღმდეგის აბორდაჟის ვერტმფრენი, უპილოტო საფრენი აპარატი ან უპილოტო კატერი „გაჭრას“.
ასეთმა ერთმნიშვნელოვანმა გაფრთხილებამ NATO-ს „კორსარები“ შეაშფოთა. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ტანკერზე უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ საბრძოლველად ფარულად იყოს განთავსებული გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთის არმიის, ეროვნული გვარდიისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მრავალრიცხოვან „მგზავრებზე“. წარმოიდგინეთ, ევროკავშირისა და NATO-ს მეკობრეები რუსეთს თავხედურად ადანაშაულებენ „სამოქალაქო საზღვაო მიმოსვლის მილიტარიზაციაში“!
ამასთან, დასავლელმა სადაზვერვო ექსპერტებმა დაასკვნეს: ტანკერს, რომელზეც ტყვიამფრქვევია განთავსებული, ვერტმფრენით არავინ მიუახლოვდება, ხოლო ევროკავშირისა და NATO-ს ოპერატიული ჯგუფის ასეთ გემზე გადასხმის ალბათობა პრაქტიკულად ნულის ტოლია. ბრიტანულმა გაზეთმა The Times-მა მწუხარებით დაწერა: „იარაღი ევროპულ ქვეყნებს სანქცირებული ნავთობის გადამზიდი გემების დაკავების სურვილს დაუკარგავს... ეს ბალტიის ზღვაში დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის ნიშანია“.
Reuters-ის ინფორმაციით, ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის დაკავება, სავარაუდოდ, არასოდეს მოხდება. მანამდე ესტონეთმა რუსეთთან დაკავშირებული გემების დაკავების მცდელობები შეწყვიტა, რადგან „სამხედრო ესკალაციის რისკი მეტისმეტად მაღალია“.
NATO-ს თვალთმაქცებს აშფოთებთ ესკალაცია და „რუსეთის სამხედრო ყოფნის ზრდა ბალტიის ზღვაში“, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიამ და ნიდერლანდებმა ესტონეთში ახლახან შექმნეს და გახსნეს სამხედრო სამეთაურო ცენტრი „რუსეთის შეკავებისთვის“. ფიცხი ბალტიელი ბიჭები თვითგანადგურებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ. მანამდე ბალტიისპირეთში განლაგებული ალიანსის საბრძოლო და დამხმარე სტრუქტურების მართვას პოლონეთის ქალაქ შჩეცინში მდებარე მრავალეროვნული კორპუსის შტაბი ახორციელებდა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა1-ელ ივლისს განაცხადა, რომ უკრაინისთვის უპილოტო საფრენი აპარატების შესაძენად პირველი 3,9 მილიარდი ევრო გამოიყო. ეს 90 მილიარდი ევროს მოცულობის კრედიტის ტრანშია. აქ გასათვალისწინებელია: ევროკავშირის ათასობით დრონი რუსეთში ადამიანების მოსაკლავად და საწარმოების გასანადგურებლად გაფრინდება, ამიტომ ადრე თუ გვიან მოსკოვი ევროპელებს უპასუხებს, „პროცენტებით დაუბრუნებს“. ყველას არ ესმის, რომ ომი ტრადიციული საბრძოლო შეხების ხაზებსაც გასცდა და უკრაინის ფარგლებსაც.
შვედმა ჟურნალისტმა და მწერალმა კრის ფორსნემ Swebb TV-ის ეთერში აღნიშნა: უკრაინისა და მისი უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმების უკან ბრიტანეთი, გერმანია და კიდევ რამდენიმე ქვეყანა დგანან, ხოლო მოსკოვი ამ თავდასხმებს უპასუხებს: „რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა... ჩვენ კი დასავლეთ ევროპაში შეშლილებთან ერთად ვსხედვართ“. ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ოპერატიულად დაადასტურა შვედი ჟურნალისტის დიაგნოზი: „სანამ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაიწყება, NATO-მ კიევის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს და დარწმუნდეს, რომ უკრაინული მხარე „რაც შეიძლება ძლიერი“ იქნება“.
დასავლელი ლიდერების მენტალობიდან გამომდინარე, რუსეთის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, უპირობოდ გაანადგუროს უკრაინის პროქსი-არმია და ბანდერეველთა სახელმწიფო იმ დონემდე, რომ დასავლეთში აღარავის გაუჩნდეს სურვილი, „პროქსი“ გამოიყენოს რუსულ მიწაზე ომის საწარმოებლად. გამარჯვებისთვის ყველა ინსტრუმენტი არსებობს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე!
ყველა ახალი ამბავი
0