პრემიერი: მზად ვართ, აშშ-თან პარტნიორობა ახალი გზამკვლევით გადავტვირთოთ

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2026
გამოწერა
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ათწლეულების განმავლობაში საქართველო აშშ-ის ერთგული, სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორი იყო და თანმიმდევრულად თანამშრომლობდა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში.
თბილისი,1 ივლისი — Sputnik. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვუერთდები ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილის აღსანიშნავ საღამოს, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულითადად ვულოცავ ამერიკელ ხალხს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამერიკის საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურის თქმით, დამოუკიდებლობის დღე გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ეროვნული დღესასწაული, რადგანაც იგი არის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და თვითგამორკვევის მარადიული იდეალებისადმი პატივისცემა. ეს იდეალები ზუსტად ეხმიანება საქართველოს გამოცდილებასა და მისწრაფებებს, დასძინა პრემიერმა.
„დამფუძნებელი მამების ფილოსოფიური ხედვის, ძლიერი ინსტიტუტებისა და კულტურული სიცოცხლისუნარიანობის უნიკალურმა ერთობლიობამ აშშ-ს შესაძლებლობა მისცა, ჩამოყალიბებულიყო მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სუვერენულ სახელმწიფოდ, პროგრესისა და ინოვაციის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ათწლეულების განმავლობაში საქართველო აშშ-ის ერთგული, სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორი იყო და თანმიმდევრულად თანამშრომლობდა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში.
„როდესაც აშშ-ს თავისი სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელებისთვის საქართველოსთან თანამშრომლობა სჭირდებოდა, საქართველო, როგორც ერთგული პარტნიორი, მტკიცე მხარდაჭერით პასუხობდა. ბოლო პერიოდის მოვლენები ცხადყოფს, რომ სამხრეთ კავკასიის სტრატეგიული მნიშვნელობა როგორც რეგიონულ, ისე - გლობალურ კონტექსტში სულ უფრო იზრდება... სამხრეთ კავკასიის მზარდი სტრატეგიული მნიშვნელობის ფონზე კი საქართველოს როლი კრიტიკულია", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ძირეული გეოპოლიტიკური ცვლილებების პირობებში, საქართველოს სჯერა, რომ პარტნიორობის გაძლიერება და ფორმალიზება ორივე ქვეყნის საერთო ინტერესებს ემსახურება.
„მიუხედავად ბოლო წლებში წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევის მეშვეობით, რომელიც საერთო პრიორიტეტებს, თანამშრომლობის პრაქტიკულ მექანიზმებსა და მკაფიო სტრატეგიულ მიზნებს განსაზღვრავს. საქართველო გთავაზობთ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ურთიერთპატივისცემას, სამართლიანობასა და თანამშრომლობის მკაფიო ჩარჩოს დაეფუძნება", - აღნიშნა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, საქართველო მზად არის პირდაპირი დიალოგის გზით „განვსაზღვრო საერთო პრიორიტეტები, შევიმუშაოთ აღსრულების პრაქტიკული მექანიზმები და უზრუნველვყოთ ორივე ქვეყნისთვის ხელშესახები შედეგები".
„პარტნიორობის ამ სულისკვეთებით, გულითადად ვულოცავ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. დაე, ჩვენი ერების მეგობრობა წარმატებით გაგრძელდეს და საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობა მომავალ წლებში კიდევ უფრო გაძლიერდეს. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კონგრესმენების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რაც ვაშინგტონს აფიქრებინებს, რომ სურთ აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესება.
ივნისში, აშშ-ში ვიზიტის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო და შეერთებული შტატები ორმხრივი ურთიერთობების განახლებულ დღის წესრიგზე მუშაობენ, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებას დაეფუძნება.
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, „ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება დიპლომატიური მისიების მეშვეობით კომუნიკაციით შემოიფარგლება.
ყველა ახალი ამბავი
0