გამოცდები-2026: საგამოცდო ცენტრების მიმართულებით დამატებითი ავტობუსები დაინიშნება

© Sputnik / Alexander Imedashviliავტობუსი
ავტობუსი - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2026
გამოწერა
დამატებითი ავტობუსები სტანდარტული ტარიფით, 2 ივლისიდან 30 ივლისამდე პერიოდში იფუნქციონირებს და გამოცდებსა და კონკურსში მონაწილე პირებს 06:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურება.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე პირთა ტრანსპორტირების მიზნით, დედაქალაქის მერია მუნიციპალური ავტობუსების დამატებით მარშრუტებს დანიშნავს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. 17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 23-24 ივლისს ჩააბარებენ.
სპეციალური მარშრუტები 2 ივლისიდან 30 ივლისამდე პერიოდში იფუნქციონირებს და გამოცდებსა და კონკურსში მონაწილე პირებს 06:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურება.
კალაძის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში საგამოცდო ცენტრების - 39-ე, 103-ე, 147-ე, 160-ე, 175-ე, 177-ე, 181-ე და 191-ე საჯარო სკოლების მიმართულებით სპეციალური მარშრუტები დაწესდება. მუნიციპალური ავტობუსები გავლენ შემდეგი მეტროს სადგურების მიმდებარე ტერიტორიებიდან: „ახმეტელის თეატრი“,„დიდუბე“ „სამგორი“ (ზედა გასასვლელი).
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის გამოცდებისთვის სულ 82 ათასზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული. მათ შორის: ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 ათასზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 29 ათასზე მეტი აპლიკანტი.
წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში ხულოსა და ამბროლაურში.
აბიტურიენტებს სამი საგნის ჩაბარება მოუწევთ: ქართული ენა, ერთი უცხო ენა (სავალდებულო) და ერთი არჩევითი საგანი. წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტები სწავლას უფასოდ შეძლებენ.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.
ყველა ახალი ამბავი
0